ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადებით, მიუღებელი და შოკისმომგვრელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და აუცილებელია გასამართლდნენ ამ ძალადობის შემოქმედები.
მის განცხადებას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. სენატორის შეფასებით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი თავდასხმები ქართული ოცნების ლიდერების წახალისებული იყო.
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - ამბობს სენატორი კარდინი.
ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.
5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალსიტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე გამართულ პირველივე ბრიფინგზე მიანიშნა გარდაცვლილის კავშირზე ნარკოტიკებთან.
5 ივლისის აქციაზე ძალდობრივ ჯგუფებთან ერთად იყვნენ სასულიერო პირები, მათი ნაწილი საჯაროდ და ტრიბუნიდან აკეთებდა მოწოდებებს ძალადობისკენ.
დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.