"ამ ადამიანმა ისე ჩამომაყალიბა რომ საერთოდ არ მიცნობს... შეეძლო ჩემი ცხოვრება უკან გადაეხვია და ენახა პიროვნულად როგორი ადამიანი ვარ და როგორ მაქვს ნაცხოვრები. მე იმ აქციაზე შემთხვევით მოვხვდი. შემთხვევით ვიყავი იმ ადგილას, მერე მოხდა შეხლა-შემოხლა. მე არასდროს არ მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან და არასოდეს გამიხორციელებია მსგავსი რამ... მე ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში, ერთი თვეც არ არის. მომაკვდავი ბებია დამიტოვეთ ამის გამო, დედაჩემი არის ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, ჩემზეა დამოკიდებული, 3 წელია სახლიდან ვერ გადის... ჩემ ცხოვრებას თუ გადახედავთ, 5 წუთი დაგჭირდებათ მაგისთვის, ნახავთ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას ვაკეთებდი... ბატონო პროკურორო, თქვენ როგორც დამახასიათეთ, მასეთ ადამიანს არ ვიცნობ "- თქვა სასამართლო სხდომაზე გიორგი მაღრაძემ. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული. მაღრაძე 14 ივლისს დააკავა პოლიციამ, მას ბრალად ედება 5 ივლისს პარლამენტის შენობასთან მედიაზე თავდახმა.
ილია თვალიაშვილს თვალის ქიმიური დამწვრობა და თავის ძლიერი ტკივილები აქვს თავდასხმის შედეგად. გამოძიებას მასზე ძალადობაში ბრალდებით 2 პირი ჰყავს დაკავებული, თავად თვალიაშვილს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
გიორგი მაღრაძეს აქვს საშუალო განათლება, ცხოვრობს დმანისში. ის ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ ძალადობრივ ჯგუფთან.
"შეგიძლიათ სრული სიმკაცრით დამსაჯოთ თუ მე ოდესმე იმ დაჯგუფებასთან რამე მაკავშირებს" - თქვა გიორგი მაღრაძემ სასამართლო სხდომაზე.
სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი ამბობს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს როგორ ურყამს ბრალდებული ილია თვალიაშვილს ფეხს. მომდევნო სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 2 სექტემბერს გაიმართება.
5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან რამდენმე დღეში, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს ოჯახის წევრებმა.
ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მთავრობის გადადგომის საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდან.
გამოძიება ამ დრომდე მხოლოდ ცალკეულ მოძალადეებს იჭერს და 5 ივლისს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არავინ დაუკავებია.