Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეს ჯანდაცვა საშუალო ევროპულზე მეტი უჯდება - ჯანმო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ჯიბიდან გადახდა გულისხმობს ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯს ნებისმიერ სამედიცინო სერვისსა თუ პროდუქტზე.

ამის მიზეზი, ძირითადად მედიკამენტებზე დახარჯული თანხებია - საყოველთაო ჯანდაცვა წამლების დაფინანსებას შეზღუდულად მოიცავს, მედიკამენტების ფასები კი მაღალია. გარდა ამისა, საქართველოში ადამიანები პირველად ჯანდაცვას ნაკლებად ენდობიან და ურჩევნიათ, პირდაპირ სპეციალისტს მიმართონ, ოჯახის ექიმის მიმართვის არიდებით, ეს კი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდებათ.

ოჯახის მიერ გაწეული ხარჯი სამედიცინო სერვისსა და პროდუქტებზე საქართველოში საშუალოდ 48%-ია, ევროპული რეგიონის ქვეყნებში კი 30%.

ანგარიში 2013-2018 წლის მონაცემებს ეფუძნება და 2013 წლის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს რომ სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვაში კვლავაც ძალიან დაბალია. საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯი მხოლოდ 2.9%-ა, მაშინ როცა ევროპაში ეს საშუალოდ 4.9% არის.

"ჯანმრთელობაზე ჯიბიდან კატასტროფული დანახარჯები უკიდურესად აწვება უღარიბეს ოჯახებს. 2018 წელს, მედიკამენტების წილმა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდის 90% შეადგინა, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში კი - 24%“ - ნათქვამია ანგარიშში.

ჯანმო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, გააფართოვოს ამბულატორიული მედიკამენტების - ანუ იმ წამლების პროგრამა, რომელიც დანიშნულებითაა გამოწერილი.

„უფრო მეტ მედიკამენტს უნდა ფარავდეს საყოველთაო დაზღვევა, მეტი ქრონიკული დაავადებები უნდა იყოს მოცული პროგრამაში და უფრო მეტი ადამიანი უნდა მოიცვას იმის მიხედვით რამდენი აქვს შემოსავალი.“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანმოს ოფისის წარმომადგენელმა რუსუდან ხოტივარმა.

XS
SM
MD
LG