26 წლის ყაზახი ქალის საქმის ბრალდებულის, ბესიკ თორდუას გარდაცვალების საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 30 ივნისს, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში თავის ტვინის ინფარქტის დიაგნოზით მოთავსდა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა და სასწრაფო ოპერაციისა, ბესიკ თორდუა 14 ივლისს გარდაიცვალა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის დროს ჩატარებული სამედიცინო შემოწმებისას მას არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა, მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
„30 ივნისს, დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა. პატიმარი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო, გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ.
კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური.
მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14 ივლისს დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“.
56 წლის ბესიკ თორდუას, საქართველოს პროკურატურა 26 წლის ყაზახეთის მოქალაქის, ასსელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. მას გამოძიებამ ბრალი მიმდინარე წლის 6 მაისს წარუდგინა. ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებოდა და წინასასამართლო სხდომა 9 აგვისტოს იყო დანიშნული. ბესიკ თორდუა ბრალს არ აღიარებდა.
26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაიცვალა ყაზახი ქალის საქმეზე დაკავებული ბრალდებული ბესიკ თორდუა