Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: დავიწყეთ ფიქრი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე


თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სტატისტიკის თანახმად ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება და პროცესში აქტიური ჩარევის გარეშე, ვირუსი კიდევ უფრო მეტად გავრცელდება. თამარ გაბუნიას განმარტებით, აქტიური ჩარევის პირველი რესურსი ვაქცინაციის პროცესის სწრაფი ტემპით წარმართვაა, ხოლო მეორე - მოქალაქეთა პირადი დაცვა. მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ მთავრობაში უკვე ფიქრობენ გასართობის ღონისძიებების შეზღუდვაზე.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობთ, რომ არის რეგულაცია, არის მოთხოვნა, შეზღუდვები, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია. ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვებიდან "კომენდანტის საათი" პრაქტიკულად ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა იყო, რომლის მოხსნის გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო. "კომენდანტის საათი" 1 ივლისიდან გაუქმდა.

რაც შეეხება დანარჩენ შეზღუდვებს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა 2021 წლის თებერვალში მუშაობა განაახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა. მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც, სადაც სტუმრების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო დღეებში. 17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებსა და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება, 25 მაისს კი, უქმე დღეებში დახურულ სივრცეში სტუმრების მიღების აკრძალვაც გააუქმა. 1 ივნისიდან, კვების ობიექტების დახურული სივრცეები უქმე დღეებშიც მუშაობენ. სამუშაო დღის ხანგრძლივობა ღამის 12 საათამდეა განსაზღვრული. ამასთან, ისევ აკრძალულია ათზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა ქორწილებში, ქელეხებსა თუ სხვა სოციალურ ღონისძიებებზე. 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-19-ით დაავადებული 11 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლენილია კორონავირუსის 1298 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1164 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 382 734 შემთხვევა. მათგან 362 491 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 503 ადამიანი. სულ აცრილია 324 802 პირი.

XS
SM
MD
LG