"მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული ყველა დონეზე პრაქტიკულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვარ ამ პროცესის. ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რის სანაცვლოდ გაათავისუფლა დე ფაქტო რეჟიმმა ზაზა გახელაძე. სააგენტო "რეს"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ქართულმა მხარემ "სამხრეთის ოსეთის მოქალაქე" გობოზოვში გაცვალა, რომელიც გუშინ გადავიდა ცხინვალში.
ღარიბაშვილმა არ უპასუხა არც მის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას. "ბატონო ირაკლი, როდის გადადგებით?" - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა ერგნეთის საგუშაგოსთან.
11 ივლისს 1 წელი გახდა, რაც ზაზა გახელაძე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. დე ფაქტო რეჟიმი ამბობს, რომ მათ გახელაძე სწორედ კირილის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.