Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა


გაერთიანებული ოპოზიცია 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებსა და ხელისუფლების რეაგირებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს "ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ." ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ "პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია."

"დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრების და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ.

შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასოვრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროგანდა გაცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა

დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.

სიმბოლურია რომ მოძალადეებმა ევრიკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.

ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა" - ნათქვამია განცხადებაში. მას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები:

  • თავისუფალი დემოკრატები
  • დროა
  • ევროპული საქართველო
  • ენმ
  • გირჩი- მეტი თავისუფლება
  • პროგრესი და თავისუფლება
  • დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • სამართლიანობისთვის
  • გამარჯვებული საქართველო

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, ჯამში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

XS
SM
MD
LG