Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას წყვეტს


ვარლამ გოლეთიანი თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ აქციაზე, 5 ივლისი, 2021
ვარლამ გოლეთიანი თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ აქციაზე, 5 ივლისი, 2021

გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს, მას შემდეგ, რაც "რიონის ხეობის მცველები" "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰესის აშენების წინააღმდეგ კვლავ იბრძოლებენ, თუმცა "რიონის ხეობის მცველებს" თანამებრძოლებად ვეღარ მიიჩნევენ.

"მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება ნამახვან ჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმიან მედიას - დაშავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

XS
SM
MD
LG