Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშავებულია ოცდაათამდე ჟურნალისტი


ლევან ბრეგვაძე
ლევან ბრეგვაძე

ამ დრომდე გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმები. რუსთაველის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ გასაპროტესტებლად არიან გამოსულები. დაპირისპირების გამო უკვე დაშავდა ოცდაათამდე ჟურნალისტი.

სასტიკად არის ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლევან ბრეგვაძე. რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებისას დაშავდა ოპერატორი ილია თვალიაშვილიც. როგორც პირველი არხი აცხადებს, ჟურნალისტებმა ტერიტორია საპატრულო მანქანების საშუალებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ფოტორეპორტიორს თავს რამდენიმე პირი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

ამ წუთებში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება „პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა.

დაშავებული არიან რადიო თავისუფლების კორესპონდენტები - დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფის წევრებს - გიორგი გაბუნიასა და ლექსო ხომასურიძეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა.

დაშავდნენ მთავარი არხის ჟურნალისტები დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი და თორნიკე ბარნაბიშვილი.
„გურია ნიუსის” ინფორმაციით, დაუპირისპირდნენ მათ ჟურნალისტს მერაბ ცაავას.

დაშავდნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია​, სალომე ბოკუჩავა, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ნიკოლოზ ურუშაძე და შოთა
სიკინჭალაშვილი.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარი განაცხადა და ცხელი წერტილებიდან გადამღები ჯგუფები გამოიყვანა.

ზურა ცერცვაძე
ზურა ცერცვაძე

„რუსთავი 2“ ავრცელებს განცხადებას, რომ დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს: „ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს“.

ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს მუშაობაში.

XS
SM
MD
LG