ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეკლესიამ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციები არ უნდა იკისროს და „რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“.
„თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება... ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!“ - უთხრა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს და დასძინა: „ეკლესიის მისია არის დაამოწმოს ქრისტეს, მაცხოვრის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი, მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს და მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია - სიტყვააო“.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ კი ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ დღეს ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. „სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული“, - თქვა მეუფე საბამ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მოსახლეობა 5 ივლისს "ღირსების მარშის" "მშვიდობიანად გასაპროტესტებლად" მოიწვია. საგანგებო განცხადებაში ავრცელებს, ჰომოფობიური არგუმენტები იყო მოყვანილი ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
ჰომოფობისაა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 2013 წლის 17 მაისს ერთხელ უკვე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები. ამ დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.