Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაციის პორტალზე ხარვეზები ჯერ ვერ გამოსწორდა, მუშაობა გრძელდება


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 4 ივლისს განაცხადა, რომ კიბერშეტევის შემდეგ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა და ჯერაც უცნობია, თუ როდის აღმოიფხვრება პრობლემა ბოლომდე. „24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაზე რეგისტრაციის ალტერნატიულ გზებზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, „ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი“.

პირველ ივლისს საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა შემოვიდა. 5 ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინის დაჯავშნის პორტალი ხარვეზებით მუშაობს. პორტალი ჩართულია, თუმცა მსურველები შეფერხებების შესახებ წერენ.

კიბერშეტევის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს: მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

XS
SM
MD
LG