Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი განიხილეს


გაეროს ოფისი ჟენევაში
გაეროს ოფისი ჟენევაში

საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დასრულდა. ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება განიხილეს. ამის შესახებ განცხადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ გააკეთა. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან, ტოივო კლაარმა კი „ნიუსჯორჯიასთან“ საუბარში აღნიშნა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს. ევროკავშირის მხრიდან ეს საკითხი რამდენიმე ფორმატში განვიხილეთ. ზაზა გახელაძე უნდა გაათავისუფლონ და ძალიან სწრაფად. თითქმის ერთი წელი გავიდა საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებიდან. მართლაც დადგა მისი გათავისუფლების დრო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ არ ველოდები, რომ გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ციხიდან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრამ და დისკუსიამ ხელი შეუწყო პროცესს".

ზაზა გახელაძის ოჯახში კი საერთაშორისო მოლაპარაკებების იმედი უკვე ნაკლებად აქვთ. ოჯახის წევრები უფრო მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილის პასუხს ელოდებიან. ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ ოჯახს ეს ერთადერთი იმედიღა დარჩა: „ველოდებით პატრიარქისგან პასუხს. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. არავინ შემოგვხმიანებია.“

ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ ბოლო მოვლენების შემდეგ მეტი ოპტიმიზმი აქვს. „იმედს აღარ ვკარგავთ, იმედი გვაქვს, რომ პატრიარქის წერილის და ამ შეხვედრების შემდეგაც რაღაცა შეიცვლება“

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს, მოგვიანებით კი ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც.

2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური, მექანიზმებიც.

XS
SM
MD
LG