Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხული ცხელი იქნება - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს


გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს საქართველოში ზაფხული ჩვეულებრივზე 2-3 გრადუსით ცხელია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, 2011-2020 წლები მსოფლიოს ყველაზე ცხელი ათწლეული იყო და 2021 წელიც ყველაზე ცხელი წლების სიაში შევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია არც მომავალში შეიცვლება უკეთესობისკენ.

ვისთვისაა მაღალი სიცხე სახიფათო?

მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით რთულად გადააქვთ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. სიცხე ასევე ძალიან ცუდად მოქმედებს მოხუცებზე. ჯანმოს მონაცემებით, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მაღალი ტემპერატურის უარყოფით ზეგავლენას განიცდიან. ჯანმოს მონაცემებითვე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა თითქმის გაორმაგდა, 2018 წელს ამ მიზეზით დაახლოებით 300 000 ადამიანი გარდაიცვალა.

რას იწვევს მაღალი ტემპერატურა?

ალერგია, დიარეა, წნევის ცვალებადობა, გაუწყლოება... ეს არასრული ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელიც ადამიანებში მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს. კლიმატის ცვლილება აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზეც, მაგალითად, ცხელ ამინდებში უფრო დიდი ალბათობაა დაბინძურდეს წყლის რეზერვუარები. მრავლდებიან ქვეწარმავლები, მღრღნელები, რომლებიც, ერთი მხრივ, თავად არიან სახიფათოები, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა დაავადების გადამტანებად გვევლინებიან.

რა არის სითბური ტალღები?

ცხელ ზაფხულს არცთუ იშვიათად თან ახლავს სითბური ტალღები. სითბურ ტალღად იწოდება სამ დღეზე მეტი პერიოდი, როდესაც ტემპერატურა იმ კონკრეტული ტერიტორიისთვის არაბუნებრივად მაღალია. ენციკლოპედია Britannica-ს მონაცემების თანახმად, ამგვარი სითბური ტალღების შედეგად, 2003 წელს მხოლოდ საფრანგეთში 14 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა, ძირითადად მოხუცები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ძველ სახლში მარტო ცხოვრობდა და არც კონდიციონერი ჰქონდა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ცხელა?

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს, რომელიც სიცხიან ამინდში მოსახლეობამ უნდა დაიცვას:

  • მოერიდეთ გარეთ გასვლას და ინტენსიურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • დარჩით ჩრდილში და, თუ შესაძლებელია, გაატარეთ დღის 2-3 საათი გრილ ადგილას COVID-19-ის რეგულაციების დაცვით.
  • შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მეზობლებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილს მარტო ატარებენ.
  • შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში.
  • გამოიყენეთ საღამოს საათები სახლის გასაგრილებლად.
  • გამოიყენეთ ჟალუზები/ფარდები.
  • შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიგრილე და ტენიანობა.
  • გამოიყენეთ მსუბუქი, თავისუფალი და ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი და თეთრეული.
  • მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა.
  • რეგულარულად მიიღეთ წყალი და მოერიდეთ შაქრიანი, ალკოჰოლური, კოფეინიანი და გაზიანი სასმელების მიღებას.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG