Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს ადმინისტრაცია თამარ ჟვანიას თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას უხდის


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას. ცესკოში ბრიფინგი პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გამართა.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის ძალიან დიდ მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში. ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი სირთულე, არაერთი გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და გადავლახეთ აღნიშნული პრობლემები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, ქალბატონ თამარს იმ გამძლეობისთვის და იმ თმენისთვის, რაც მან გამოავლინა ამ ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა პრესსპიკერმა.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს, ცესკოს თავმჯდომარე კი 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იქნება.

რამდენიმე დღის წინ, 22 ივნისს ის ამბობდა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა.

XS
SM
MD
LG