6 მაისის შემდეგ, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზაც არ შემოსულა. 29 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინის პირველ დოზაზე დარეგისტრირება, ფაქტობრივად, შეჩერებულია. დღევანდელი მონაცემებითვე, ჯამში, საქართველოში შემოსულია 315 450 კოვიდვაქცინა - ანუ, 157 725 ადამიანის ორჯერადად, სრულად ასაცრელი დოზა. მათგან, „ასტრაზენეკა“ 86 200 დოზა, „ფაიზერი“ 29 250, „სინოფარმი“ 100 000 დოზა და „სინოვაკი“ 100 000 დოზა. 29 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ერთჯერადად აცრილია 257 974 ადამიანი. სრულად, ანუ ორჯერადად, ვაქცინირებულია 96 975 ადამიანი.
ხელისუფლების მტკიცებით, პირველი ივლისიდან შემოდგომამდე ქვეყანაში ეტაპობრივად, სამ მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა უნდა შემოვიდეს. მათგან უახლოეს დღეებში, უფრო ზუსტად კი ივლისის პირველ კვირაში, ჩინური წარმოების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ნახევარ-ნახევარ მილიონ დოზას ელიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის პირველ კვირაშივე უნდა შემოვიდეს ასევე ამერიკული წარმოების „ფაიზერი“. კოვაქს-პლატფორმის გავლით ელოდება საქართველო „ასტრაზენეკას“ დარჩენილ, 43 000 დოზა ვაქცინას, რომელიც 22 ივნისს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, მისი შემოტანა, როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ახსნეს, მწარმოებლის მხარეს არსებული შეფერხების გამო გადაიდო. ამ შეფერხების შესახებ ქართული მხარისთვის გვიან გახდა ცნობილი და შეფერხდა „ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირებული მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი.
ხელისუფლების დაპირების თანახმად, ქვეყანაში ვაქცინები უნდა შემოვიდეს როგორც კოვაქს-პლატფორმის გავლით, ისე ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად.
ქვეყანა ვაქცინებს ელოდება ე.წ. შემოწირულების, ჰუმანიტარული დახმარების სახითაც. ერთ-ერთ ასეთ დახმარებას ველოდებით აშშ-ისგან. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გლობალური გეგმის თანახმად, საქართველო მოხვდება იმ 92 ქვეყანაში, რომელსაც 2 წლის განმავლობაში, აშშ უსასყიდლოდ გადასცემს ამერიკული წარმოების „ფაიზერს“.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, 2021 წლის ოქტომბრისთვის უნდა ჩამოვიდეს ლიეტუვის დაპირებული 15 000 დოზა ვაქცინა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მაისში დაპოსტა. მისი განცხადებით ლაპარაკია „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე.
მაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, პოლონეთი ემზადება თავის თავზე აიღოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინაცია. გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, „ათობით მილიონობით ვაქცინა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ბელარუსში”.
საქართველოდან COVAX-პლატფორმაზე გადარიცხული მილიონები?
საქართველომ COVAX-პლატფორმაზე (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი, რომელიც გასული წლის აპრილში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივით შეიქმნა) ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გადარიცხა 700 ათასი ადამიანის ასაცრელი ვაქცინისათვის საჭირო თანხის ნაწილი, უფრო ზუსტად კი, პირველადი შენატანი, 4 მილიონი ამერიკული დოლარი.
ნოემბერსა და დეკემბერში კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ჯამში, მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად (სწორედ ამდენი დოზა ვაქცინაა საჭირო 700 ათასი ადამიანის ასაცრელად), ქვეყანას COVAX-ისათვის 17 მილიონამდე ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა.
„ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანი. ეს წინასწარი გაანგარიშებით ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. 4 მილიონი დოლარი, წინასწარი შენატანი უკვე გადარიცხულია. როგორც კი ჯანმო [ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია] დაამტკიცებს, ეს ვაქცინა იქნება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი“, - ამირან გამყრელიძე, 24 ნოემბერი, 2020 წელი.
„ევროკავშირს და ეგრეთ წოდებულ კოვაქს-პლატფორმას, რომელზეც ჩვენ ვართ გაერთიანებული, რამდენჯერმე ვაუწყეთ, რომ წინასწარი შენატანი, ოთხი მილიონი დოლარით გადარიცხული გვაქვს, სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი, გათვლილია 700 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20 პროცენტის აცრა მოხდება ორჯერადად მილიონ 400 ათასი დოზით. ანუ ვყიდულობთ მილიონ 400 ათას დოზას კოვაქს-პლატფორმით. ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან, არ ვიცით, რომელი იქნება. როგორც გვაქვს ინფორმაცია, „კოვაქსი“ შეისყიდის 4-5 ვაქცინას, ხოლო ჩვენ ისეთი სახის კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ ოთხი-ხუთიდან შეგვიძლია, ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში“, - ამირან გამყრელიძე, 8 დეკემბერი, 2020 წელი.
გადაიხადა თუ არა საქართველომ ეს თანხა სრულად? თუ არა, თანხის რა ნაწილი გადაიხადა? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყების პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამ მონაცემს ვერ გასცემენ.
ვაქცინებისთვის ბიუჯეტიდან უკვე გადახდილი თანხის და სხვადასხვა წარმოების ვაქცინების ღირებულების შესახებ 29 ივნისს, ჯანდაცვის უწყებაში გაგზავნილ კითხვებზე პასუხად, ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას მოუწოდა, ამ საკითხზე სტატია „არ დაეწერა“, რადგან ამით, შესაძლოა, საფრთხე შეგვექმნა ქვეყანაში ვაქცინაციის წარმართვის პროცესისთვის და მიზეზი ასე ახსნა: „ხელშეკრულებები კონფიდენციალურია, ქვეყანას გაუთქმელობის ხელშეკრულებებზე აქვს ხელი მოწერილი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერ გავცემთ“.
29 ივნისისთვის, საჯაროდ არსებული მონაცემებით, კოვაქს-პლატფორმისგან საქართველოს მიღებული აქვს ჯამში 57 725 ადამიანის სრულად ასაცრელი ვაქცინა („ასტრაზენეკა“ (86 200 დოზა), „ფაიზერი“ (29 250 დოზა)).
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ასევე საჯარო განცხადებით, რომელიც მან მიმდინარე წლის პირველ აპრილს გააკეთა, თითო დოზა „ასტრაზენეკაში“ საქართველომ გადაიხადა 5 დოლარი, „ფაიზერში“ კი - 12 დოლარი:
„ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. ჩვენ „ასტრაზენეკა“ „კოვაქსის“ საშუალებით ვიყიდეთ, თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში, „ფაიზერი“ ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში“, - ამირან გამყრელიძე, პირველი აპრილი, 2021 წელი.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, კოვაქს-პლატფორმისგან მივიღეთ მხოლოდ 997 000 დოლარის ღირებულების ვაქცინა.
როდის ელოდება ქვეყანა კოვაქს-პლატფორმისგან დანარჩენი 16 მილიონი დოლარის ღირებულების ვაქცინას და რომელი ქვეყნების ვაქცინებზეა ლაპარაკი? რა პერიოდში უნდა მოგვაწოდოს კოვაქს-პლატფორმამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი ვაქცინის დოზები? - ამ კითხვებით მივმართეთ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. სამინისტროში კი, უკვე იცით, გვპასუხობენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, ხელმოწერილია გაუთქმელობის ხელშეკრულება და ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ, სამომავლოდ, შესაძლოა, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს საფრთხე შეუქმნას.
თავად კოვაქს-პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი სისტემური მონაცემების თანახმად, რომელიც აპრილ-მაისს მოიცავს და რომელიც ბოლოს 2 მარტს განახლდა, საქართველოსთვის განკუთვნილი დოზები მხოლოდ 129 600 დოზა „ასტრაზენეკათი“ და 29 250 დოზა „ფაიზერით“ შემოიფარგლება. რა გეგმები აქვს კოვაქს-პლატფორმას საქართველოსთან დაკავშირებით, როდის და რა ვაქცინები შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ამ პლატფორმის გავლით, ამ კითხვაზე პლატფორმასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება არ გვპასუხობს.
კოვაქს-პლატფორმის მისია იყო გაეერთიანებინა სახელმწიფოები, ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციები, მწარმოებლები, მეცნიერები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება იმისათვის, რომ მსოფლიოს COVID-19-ის დიაგნოსტირების, მკურნალობისა და ვაქცინაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდა.
COVAX-ის მიზანია, რომ 2021 წლის მიწურულს, საკუთარ პლატფორმაზე განათავსოს ვაქცინების 2 მილიარდი დოზა, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადანაწილდება. მათი გათვლებით, ეს დოზები საკმარისი იქნება სამედიცინო პერსონალისა და რისკჯგუფში მყოფი ადამიანების ასაცრელად. COVAX-ის სურვილია, პირველ რიგში, ვაქცინით უზრუნველყოს დაბალი შემოსავლის მქონე 92 ქვეყანა.
25 ივნისის მონაცემებით, კოვაქს-პლატფორმის გავლით, 133 ქვეყანას მხოლოდ 89 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს მიღებული.
ჩინურ ვაქცინაში დახარჯული მილიონები და საქართველო
რა თანხა გადაიხადა ჯამში საქართველომ ჩინური ვაქცინების („სინოფარმი“ „სინოვაკი“) შესაძენად? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვითაც მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. მათი პასუხი ამ კითხვაზეც სხვა პასუხების ანალოგიური იყო: ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამ ინფორმაციის გამჟღავნება დააზარალებს ვაქცინაციის პროცესს.
ამავე დროს, ეს „კონფიდენციალური ინფორმაცია“ საჯარო წყაროებში იძებნება. რადიო თავისუფლების მიზანი მხოლოდ გადამოწმება იყო. „სინოფარმის“ ერთ დოზაში გადახდილი თანხის რაოდენობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გაამჟღავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ქვეყანამ ერთი დოზა „სინოფარმი“ დაახლოებით 18-20 დოლარად შეიძინა:
„ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება. ზოგადად ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და ადვილი არ არის, რომ აარჩიო ფასის მიხედვით ვაქცინა“, - ამირან გამყრელიძე, პირველი აპრილი, 2021 წელი.
ამ მონაცემზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, 100 000 დოზა „სინოფარმში“, რომელიც ქვეყანაში უკვე შემოსულია, 2 მილიონი დოლარი უნდა იყოს გადახდილი. რაც შეეხება ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმს“, რომელსაც უახლოეს დღეებში ველოდებით, თუკი ხელისუფლებამ ეს დოზებიც 20 დოლარად იყიდა, ქვეყანას მათი შეძენა დაუჯდებოდა 10 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება „სინოვაკს“, სტატისტიკის საერთაშორისო პორტალის „სტატისტას“ მონაცემებით, „სინოვაკის“ ღირებულება შეადგენს 30 დოლარს. თუკი ამ მონაცემს დავეყრდნობით, ნახევარ მილიონ „სინოვაკში“, რომელსაც საქართველოში უახლოეს დღეებში მივიღებთ, შესაბამისად, უნდა გადაგვეხადა 15 მილიონი დოლარი.
რატომ არჩია ქვეყანამ გაცილებით ძვირადღირებული და ამასთანავე, ნაკლებეფექტიანი ვაქცინების შეძენა? რით იხსნება ეს გადაწყვეტილება? - რადიო თავისუფლების არც ამ კითხვას პასუხობენ ჯანდაცვის სამინისტროში.
რა უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს ვაქცინაციის პროცესი?
11 ივნისს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ ჯამში, ქვეყანას პანდემიის მართვა 2020-2021 წლებში დაუჯდა 7,2 მილიარდი ლარი. აქედან, გადასახადების დანაკლისმა შეადგინა 1,9 მილიარდი, ჯანდაცვის ხარჯებმა 0,9 მილიარდი, ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1,3 მილიარდი ლარი. რაც შეეხება ვაქცინაციისთვის გამოყოფილ თანხას, ფინანსთა მინისტრს ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას არაფერი უთქვამს.
თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას 2021 წლის იანვრის განცხადების თანახმად, იმუნიზაციის პროცესისთვის მინიმუმ 64,3 მილიონი ლარი და მაქსიმუმ 158,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ხელისუფლების მტკიცებით, პირველი ივლისიდან შემოდგომამდე, ქვეყანაში ეტაპობრივად, სამ მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა უნდა შემოვიდეს. მათგან უახლოეს დღეებში, უფრო ზუსტად კი ივლისის პირველ კვირაში, უნდა შემოვიდეს ჩინური წარმოების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ნახევარ-ნახევარი მილიონი დოზა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის პირველ კვირაშივე უნდა შემოვიდეს ასევე ამერიკული წარმოების „ფაიზერი“. კოვაქს-პლატფორმის გავლით ელოდება საქართველო „ასტრაზენეკას“ დარჩენილ, 43 000 დოზა ვაქცინას, რომელიც 22 ივნისს უნდა შემოსულიყო.