Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობს თუ არა სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებულთა რეესტრი?


უკანასკნელ წლებში, მედიის თვალსაწიერში აღმოჩენილი პედოფილიისა და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტები, არ არის მცირე. გამოძიება იტყობინება როგორც არასრულწლოვანთა, მათ შორის, მცირეწლოვანთა გაუპატირების, ისე ბავშვების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებების შესახებ. ბოლო ორ წელში, ამ ტიპის დანაშაულის ფაქტები რამდენიმე ათეულს აღწევს.

ის, რაც ვერ დაიმალა

ბავშვთა უფლებადამცველები თვლიან, რომ პედოფილიისა და ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის გახმაურებული ფაქტების მიღმა, სხვა სტატისტიკა იმალება. მათი ვარაუდით, ის ფაქტები, რაც მედიაში ხვდება, არ ასახავს რეალურ სურათს და სინამდვილეში, მსგავსი ტიპის დანაშაულები გაცილებით მეტია. იმ ფაქტების ჩამონათვალი კი რომელთა შესახებაც ბავშვებმა და მშობლებმა გაამხილეს, 2020-2021 წლის მედიასივრცეს აი ამ სახით შემორჩა:

2020 წელი

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს. ის არასრულწლოვნის მეზობელია.
  • საქართველოს პროკურატურამ 4 არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
  • ქარელში მასწავლებელს 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
  • იმერეთში დააკავეს 72 წლის კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 9 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
  • 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  • ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.
  • ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე ბრალდებულ კაცს 17 წელი მიუსაჯა. საგამოძიებო უწყების მტკიცებულებებით, 2019 წლის სექტემბერში, ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, მეზობლის 4 წლის გოგოს მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება.
  • დაკავებულია 54 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 16 წლამდე მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ი.ბ. 12 წლის გოგოს ინტერნეტით უკავშირდებოდა და გარყვნილი ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა, მათ შორის, ფოტო და ვიდეო მასალებს.
  • 11 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებისთვის 30 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბრალდებულმა 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
  • აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში დაკავებულია 1990 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

2021 წელი

  • თბილისის პოლიციამ დააკავა 63 წლის პირი, რომელსაც 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ წინასწარი შეცნობით გარყვნილი ქმედების ჩადება ედება ბრალად. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება ჩაიდინა მისთვის წინასწარი შეცნობით, 7 წლის ბავშვის მიმართ. 2021 წლის 8 აპრილს, ხსენებულმა არასრულწლოვანმა ქუჩაში დაინახა ბრალდებული, შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება კიდევ ერთხელ, 2021 წლის იანვარში ჩაიდინა. მსხვერპლი, ამჯერად, ხსენებული არასრულწლოვნის მეგობარი იყო, რომელიც 16 წელს მიუღწეველია.
  • 16 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით თებერვალში გორში კაცი დააკავეს.
  • ერთ-ერთი რეგიონის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც შვილიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად. დაზარალებული 10 წლამდე გოგოა და იგი ბრალდებულთან ერთად, ერთ ოჯახში ცხოვრობდა.
  • 11 წლის მოზარდზე მამა რამდენიმე წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
  • 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით პროკურატურამ მამა შვილს, 65 წლის კაცსა და 36 წლის კაცს ბრალი წაუყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა 3 წლის წინ სექსუალურად 9 წლის ბავშვზეც იძალადა.

გამკაცრებული კანონი და ჩამორთმეული უფლებები - რა შეიცვალა?

ერთ წელზე მეტია, საქართველოში „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი მოქმედებს. კანონი 2020 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში და სხვა დანაშაულებთან ერთად, ითვალისწინებს კანონის გამკაცრებას პედოფილიის ფაქტებზე, მათ შორის, ამ დანაშაულში მსჯავრდადებულთათვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. კანონის თანახმადვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ე.წ. რეესტრი, ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

2020 წლის მონაცემებით, რომელსაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)” აქვეყნებს, რეესტრში სულ შეყვანილი იყო სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული 1828 პირი - 207 ქალი და 1621 კაცი. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი, 744 პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა ნასამართლევი, რაც გულისხმობს, სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში. სავარაუდოდ, ამ 744 პირის მიერ ჩადენილ დანაშაულში იგულისხმება, ე.წ. ქორწინების მიზნით, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაც, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ე.წ. პედოფილიის ფაქტების შესახებ მზარდი ინფორმაციის ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც თუ მცირე წილი მსჯავრდებულებისა, სწორედ ამ ტიპის დანაშაულისთვისაა შეყვანილი ბაზაში.

კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამისათვის მსჯავრდებულები არიან და ელექტრონულ ბაზაში არიან შეყვანილნი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მთელი რიგი უფლებები აქვთ ჩამორთმეული, მათ შორის:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში ყოფნის უფლება;
  • საექიმო საქმიანობის უფლება;
  • სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, ერთ-ერთია, რომელმაც 2020 წელს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტზე იმუშავა. ის მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობდა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ კანონის მიღების მთავარი არსი სქესობრივ დანაშაულებზე პოლიტიკის გამკაცრება იყო, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის მსხვერპლი ბავშვი იყო.

ამ პოლიტიკის საფუძველზე გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელის ზომებიც. მათ შორის, არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში, ერთ-ერთ ალტერნატივად გაიწერა თავისუფლების უვადოდ აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებული პირების ელექტრონული ბაზის შექმნას, გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დანაშაულის ჩამდენი პირების კონტროლი და მომავალში, მათი იდენტიფიცირების გამარტივებაა. საქართველოში ეს ბაზა კონფიდენციალურია და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, უცხოური გამოცდილებაც, როდესაც, მაგალითად, აშშ-ის რამდენიმე შტატში, მსგავსი ტიპის ბაზები ღიაა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ იცოდნენ, თუ სად შეიძლება იყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი გარემო, რაც გულისხმობს იმას, რომ ბაზებში მონიშნულია ყველა ის ადგილი, სადაც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებში მსჯავრდებული პირები ცხოვრობდნენ ან გადაადგილდებოდნენ საპატიმროს დატოვების შემდეგ. გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობის მიუხედავად, საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ამ ტიპის ბაზა მოქალაქეებისათვის დახურული ყოფილიყო:

„ჩვენ ვიმსჯელეთ, ხომ არ უნდა ყოფილიყო ეს ბაზები საჯარო, როგორც მაგალითად ამერიკის რამდენიმე შტატში, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ გადაწყვეტილებაზე უარი ვთქვით, ეს იყო ახალი კონფლიქტის თავიდან არიდება. მაგალითად, ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ მის გვერდით ცხოვრობს სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირი, ამას შეიძლებოდა წარმოექმნა ახალი პრობლემა. ამ ბაზების სულისკვეთება ისაა, რომ ამ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო უწყებებს, რათა მათ აღარ ჩაიდინონ განმეორებითი დანაშაული და ისე აწარმოონ მონიტორინგი, რომ საზოგადოების უსაფრთხოება დაიცვან“.

ანი თავხელიძეს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს, ბევრი კითხვა აქვს შს სამინისტროსთან იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებულთა რეესტრი. მიუხედავად იმისა, რომ კანონი წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს, მისი თქმით, არც საზოგადოებას და არც უფლებადამცველებს, არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ იმის შესახებ თუ როგორც იყენებს სახელმწიფო ბაზას და რა ტიპის სამუშაოებს ახორციელებს დანაშაულის პრევენციისა და მონიტორინგის თვალსაზრისით:

„ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, მაგრამ ამის მერე რა ხდება, რა შედეგები გვაქვს, ამაზე სახელმწიფო არ საუბრობს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოვითხოვოთ დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რეესტრის შექმნამ, მისმა გამოყენებამ, რა შეცვალა“.

ანა თავხელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულებზე საუბრისას, აქცენტები გაკეთდეს არა მხოლოდ სასჯელის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციასა და დროულ გამოვლენაზე. მისი თქმით, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში არსებობდეს სქესობრივი განათლების სათანადო პოლიტიკა, რომელიც მოზარდებს ამ ტიპის დანაშაულებისგან დაიცავს:

„სექსუალური ძალადობის შემთხვევებში სწორედ ეს ორი ფაქტორია გადამწყვეტი - პრევენცია და დროული რეაგირებაა, რასაც სახელმწიფო თითქმის არ აკეთებს. აუცილებელია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სქესობრივი განათლება, რათა ბავშვებმა შეძლონ სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება და იცოდნენ, როდის და ვის უნდა მიმართონ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სამწუხარო პრაქტიკაც, როდესაც ბავშვებს არ ვუჯერებთ - ოჯახის წევრები, საგამოძიებო უწყებები, სასამართლო, სკოლა... ხდება ბავშვების მონათხრობის იგნორირება, რის გამოც ხშირად ამ ტიპის დანაშაულები რეაგირების გარეშე რჩება. პირველ რიგში, ბავშვებს უნდა დავუჯეროთ და მეორე, იმისათვის, რომ ბავშვებმა დაიწყონ მათ თავს გადამხდარი ამბების მოყოლა, შესაბამისი ინფორმაციაც უნდა მივაწოდოთ თუ რა არის სექსუალური ძალადობა და ვის უნდა მიმართონ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში“.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულთა რეესტრში აღრიცხული პირების 2021 წლის დეტალური სტატისტიკისა და მათი მონიტორინგის განხორციელების შესახებ, თუმცა, უწყებისგან ინფორმაცია ჯერჯერობით, არ მიგვიღია.

XS
SM
MD
LG