Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეკისტი ფეხბურთელები - „დინამოელების“ ორმაგი ცხოვრება


„ბუცები და ტყავის ჩექმა“ - გამოვიდა ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის წიგნი, „დინამოს“ პირველ დღეებსა და თაობებზე. შინსახკომის ბაზაზე დაარსებული „დინამო“ ჩეკისტი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და მათ ლავრენტი ბერია მფარველობდა.

„იქმნება ახალი გუნდი „დინამო“, რომელსაც მიეკედლა რამდენიმე კარგი მოთამაშე ქავთარაძის და წაფს-ის გუნდებიდან“... ეს 1925 წლის გაზეთიდანაა. მაშინ საქართველოში ე.წ. ველური ფეხბურთი იყო გავრცელებული. ხალხი თავად აყალიბებდა გუნდებს. არც საერთო წესები იყო, არც ნორმალური სტადიონი. გალავანს გადაფრენილი ბურთი ხშირად ზედ პლეხანოვზე, ტრამვაის წინ ვარდებოდა და სანამ ვინმე უკან მოედანზე არ შემოიტანდა, თამაში შეჩერებული იყო.

დინამოს პირველ დღეებსა და იმაზე, თუ რა ბედი ეწია უკვე შემდეგ წლებში გუნდს, დავით ჯიშკარიანის წიგნშია საუბარი. მკვლევარი წერს, რომ საბჭოთა კავშირში სპორტს უყურებდნენ არა როგორც პროფესიას, არამედ, როგორც ფიზკულტურის ნაწილს. მიზანი იყო, კომუნისტები კარგ ფორმაში ყოფილიყვნენ. ზოგადად სპორტული გუნდები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, იგივე შინსახკომის თანამშრომლებისგან კომპლექტდებოდა. სპორტსმენებს შორის ხშირად ხვდებოდნენ ყოფილი თუ მოქმედი ჩეკისტები, მაგალითად, თოფით და რევოლვერით სროლაში მოასპარეზეთა შორის იყვნენ ზახარ შაშურკინი და იგორ ტესტოვი, რომლებსაც სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა - მოჰყავდათ სისრულეში.

ბერიას ფრთებქვეშ

1926 წელს ლავრენტი ბერია 27 წლის, მაგრამ უკვე გავლენიანი ჩეკისტი იყო. ბერიას ფეხბურთი უყვარდა. ამბობენ, რომ ოდესღაც თავადაც კარგად თამაშობდა. მალევე მიხვდა, რომ ამ სპორტის სათავისოდ გამოყენება შეეძლო.

„დინამო იყო შინსახკომის სპორტული საზოგადოების გუნდი, მისი ისტორია შინსახკომთან ერთად იწყება. თბილისის „დინამოს“ ბერია განსაკუთრებით ლობირებდა, მიხვდა, რომ ამით სოციალური კაპიტალის მოპოვება შეიძლებოდა. რუსეთში რომ წავიდა და სახალხო კომისარი გახდა, მაშინაც კი იგრძნობოდა, რომ „დინამოს“ მიმართ გულგრილი არ იყო. „დინამოს“ წევრები შინსახკომის თანამშრომლები იყვნენ, ბევრი მათგანი უბრალოდ გაფორმებული იყო იქ, მაგრამ ბევრი საკმაოდ აქტიურობდა ამ მიმართულებით და იმ პერიოდში ეს ნორმალურ ამბად ითვლებოდა“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.

„დინამო“, როგორც გუნდი, ვითარდებოდა. მის წევრებს წახალისების მიზნით ხშირად სოციალურ კეთილდღეობაზეც არ ეუბნებოდნენ უარს. „დინამოში“ გადმოჰყავდათ სხვა გუნდების კარგი მოთამაშეები, რომლებსაც თვალის ასახვევად მაშინვე რომელიმე ორგანიზაციაში დააწყებინებდნენ მუშაობას. ზოგი უკვე ღიად გამოთქვამდა აღშფოთებას, რომ „დინამო“ კომუნისტურ სულისკვეთებას ასცდა და გუნდი არა თანამშრომლებისგან, არამედ პროფესიონალი ფეხბურთელებისგან არის დაკომპლექტებული. თუმცა, ბერიას გამო „დინამოს“ ღიად მაინც ვერ უპირისპირდებოდნენ.

ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია

წიგნში მოყვანილია აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის მოგონება: „ბერია ძალიან მფარველობდა ფეხბურთელებს. ომში არ წაიყვანა, ყველა კგბ-ში მოაწყო. მუზეუმში, სადაც მაშინ ვმუშაობდი, დაცვაში 1942-1945 წლებში სულ ფეხბურთელები იყვნენ. მუზეუმში საშვის გარეშე ვერ შეხვიდოდი, მთელი „დინამო“ იქ იყო. აქტიურად მუშაობდნენ, „პროპუსკებს“ წერდნენ“.

ქართული სპორტის მკვლევარი ლაშა გოდუაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ლავრენტი ბერია გუნდის არა მფარველი, არამედ უფრო კურატორი იყო, ამასთან, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი.

„მფარველობა უფრო ხელშეწყობას ნიშნავს, ეს კი მმართველი იყო, რკინის მუშტით. არაერთხელ უხსენებიათ მოგონებებში, რომ ყოფილა შემთხვევები, „დინამოს“ პირველი ტაიმი წაუგია და გასახდელში ფეხბურთელებს ბერიას სახელით ემუქრებოდნენ, რომ შემდეგ უკეთ ეთამაშათ“, - ამბობს ლაშა გოდუაძე.

როგორ აშენდა სტადიონი

თბილისის დინამოს სტადიონი ლავრენტი ბერიას მმართველობის პერიოდში აშენდა. ძველი იმდენად მოუწესრიგებელი იყო, გულშემატკივრები გატანილი გოლების თუ საჯარიმოების რაოდენობას თავად ანგარიშობდნენ. არ არსებობდა რადიორეპორტაჟები, ამიტომ ანგარიშის შესახებ ინფორმაცია სტადიონიდან გარეთ, არც მეტი, არც ნაკლები, მტრედებს გამოჰქონდათ. მეცნიერი მიხეილ ჭაბაშვილი იგონებს, რომ მემტრედე ბიჭებს ფრინველები უბით შეჰყავდათ და როდესაც გოლი გავიდოდა, ცაში უშვებდნენ.

ხალხს, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, კომპენსაცია გადაუხადეს და ტერიტორია გამოათავისუფლეს. ახალ აშენებულ კომპლექსს მიხეილ ჭაბაშვილი ასე იგონებს:

„ეს იყო იმ დროისთვის მართლაც შესანიშნავი, მანამდე ჩვენთვის არნახული, სპორტული კომპლექსი. უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე თავისი გრანდიოზულობით და არქიტექტურით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მწვანე, ხასხასა, მუდამ მოვლილი ბალახი სათამაშო მოედანზე. ამ სტადიონის მწყობრში ჩადგომისთანავე დაიწყო ბუმი ქართულ ფეხბურთში. თუ ძველი „დინამოს“ სტადიონზე რამდენიმე ასეული ადგილი იყო და ეს სავსებით აკმაყოფილებდა თბილისის გულშემატკივრებს, ახლა 37 000-ადგილიანი სტადიონი პირველივე დღეებიდანვე საკმარისი არ აღმოჩნდა“.

37 წელი ფეხბურთში

დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ 1937 წლის რეპრესიები პრივილეგირებულ ჯგუფებსაც შეეხოთ, მათ შორის, „დინამოს“ ფეხბურთელებსაც.

„მაშინ დააპატიმრეს ფეხბურთელი ლევან აბაშიძე, მიხეილ ასლამაზოვი... ისინი რეპრესიებს ემსხვერპლნენ. ცინიზმია, რომ მათ საქმეებს მათივე გუნდელები იძიებდნენ. „დინამოელებიდან“ ზოგი ფეხბურთსაც თამაშობდა და აქტიური გამომძიებელიც იყო: ჭიჭიკო ფაჩულია, კონსტანტინე სავიცკი, გიორგი პარამანოვი... იგივე ლევან აბაშიძე“...

ფეხბურთელები კონსტანტინ სავიცკი და გიორგი პარამანოვი ლავრენტი ბერიამ მოსკოვშიც კი თან წაიყვანა. მათზე ცნობილია, რომ გამოძიების დროს ხშირად შედიოდნენ კოლეგებთან და მათ პატიმრების წამებაში ეხმარებოდნენ. მკვლევრის მიერ მოძიებულ მასალებში სხვა ფეხბურთელებზეც არის საუბარი, კერძოდ:

ლევან აბაშიძე

1937 წელს დააპატიმრეს სამტრედიის რაიკომის აღმასრულებელი კომიტეტის პირველი მდივანი ნესტორ გეგია. მას დახვრეტა ელოდა და თავის დაძვრენის მიზნით გამომძიებელს უთხრა, ტყეში დიდძალი იარაღი მაქვს დამარხულიო. ფიქრობდა, რომ უკვე ტყეში მისული გაქცევას მოახერხებდა. მისი საქმე გადაიბარა კომისიამ, რომელსაც ფეხბურთელი ლევან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. როდესაც ორმოს თხრა დაიწყეს, გეგიამ გაქცევა სცადა, თუმცა აბაშიძე მალევე დაეწია და ძირს დააგდო. „ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე ფეხბურთელი ვარ“, - უთხრა უკვე დაბლა დავარდნილს.

მიხეილ ასლამაზოვი

თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი და კაპიტანი, ასევე საქართველოს შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომელი იყო.

„მამას დაავალეს, შეესწავლა დაპატიმრებული კოლეგების საქმეები, რომელთა სამართლიანობასა და პატიოსნებაში ის დარწმუნებული იყო... უარი განაცხადა“, - იგონებდა შემდეგ მისი ქალიშვილი. 1937 წელს მიხეილ ასლამაზოვი ოპერის შენობიდან გამოსული დააპატიმრეს. მოგვიანებით ის შინსახკომის მთავარი სამმართველოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

ჭიჭიკო ფაჩულია

„ის ერთადერთი მარბია მთელს ამიერკავკასიაში თავისი არაჩვეულებრივი თამაშით. მონდომება, ტექნიკა, დაუღალავობა, არაჩვეულებრივი მძლავრი დარტყმა, სისწრაფე - აი, რა ახასიათებს, ამ მუხლმაგარ მოთამაშეს“, - წერდნენ ფაჩულიაზე. ბორის პაიჭაძე იგონებდა, რომ მას „ხვდა უდიდესი ბედნიერება, ეთამაშა თავად ბატონი ჭიჭიკოს წინააღმდეგ“.

ჭიჭიკო ფაჩულია
ჭიჭიკო ფაჩულია

ჭიჭიკო ფაჩულია სულ რამდენიმე თვით აფხაზეთის შს სახალხო კომისარი გახდა. 1955 წელს, ის სწორედ იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა, რომ მისი ინიციატივით, 1938 წელს აფხაზეთის შინსახკომის სარდაფში მოაწყვეს ე.წ. სველი კარცერი. ოთახი დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით ივსებოდა და პატიმრებს აქ დღეების განმავლობაში ამწყვდევდნენ. ასევე ხშირად იყენებდნენ წამების მეორე მეთოდს, პატიმარს თბილ ქურქს აცმევდნენ და აიძულებდნენ აგურებით სავსე ორი ჩემოდანი საათობით ხელში სჭეროდა, ან სულაც ამ ჩემოდნებით ევარჯიშა.

თავად ფაჩულია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, მაგრამ მას მაინც დახვრეტა მიუსაჯეს, რაც შემდეგ 25-წლიანი პატიმრობით შეიცვალა.

დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ „დინამოს“ ფეხბურთელების ორმაგი ცხოვრება მაშინდელი საზოგადოებისთვის არათუ დამალული არ იყო, გაოცებასაც არ იწვევდა. მით უფრო, რომ „დინამო“ მხოლოდ 30-იანი წლების შემდეგ გახდა სახალხო კლუბი, მაშინ როცა საკავშირო ჩემპიონატი (1936 წელს) დაიწყო. მანამდე კი, როგორც მკვლევარი ამბობს: „კარგი ფეხბურთელი და კარგი შინსახკომელი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში მყოფი ცნებები გახლდათ“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG