Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგები კვირას ღამით არის მოსალოდნელი, მაგრამ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე ან კვირაც კი შეიძლება გავიდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად ამომრჩეველთა აქტიურობამ 49,4% შეადგინა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო და 20 საათამდე გაგრძელდა.

არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. სულ 2510 კანდიდატი.

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ მთავარ კონკურენტად მოიაზრება ბლოკი „ჰაიასტანი“ („სომხეთი“), რომელსაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი - 7%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სომხეთში მიმდინარე არჩევნებს 749 ადგილობრივი და 135 უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს.

არჩვენები იმართება დაძაბულობის ფონზე, რომლითაც არის მოცული ქვეყანა შარშან მთიან ყარაბაღში ბრძოლებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განცდილი მარცხით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ.

ამომრჩეველთა აქტიურობა არ იყო მაღალი, თუმცა ოდნავ მეტი იყო, ვიდრე 2018 წლის არჩევნებზე.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნები დანიშნა ოპოზიციის მხრიდან პერმანენტული ზეწოლისა და საპროტესტო აქციების პასუხად. ფაშინიანის ოპონენტები მას აკრიტიკებენ აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებისთვის, რომლითაც სომხებმა მთიანი ყარაბაღისა და მისი მეზობელი რაიონების დიდ ნაწილზე დაკარგეს კონტროლი. ამ ტერიტორიებს, რომლებიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, ისინი 1990-იანი წლების დამდეგიდან აკონტროლებდნენ.

XS
SM
MD
LG