პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ „ღირსების მარშის“ გამართვის შესახებ აზრი ლგბტქი აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა ჰკითხონ.
მისი სიტყვებით, იმის უფლებას, „რისთვისაც ეს ხალხია მოწოდებული“, მათ არავინ უზღუდავს.
„პრაიდი“, რომ მკითხოთ, ვერც კი განგიმარტავთ, რა არის ეს „პრაიდი“, ფლეშმობია, დემონსტრაცია? არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია, უფლებების შეზღუდვა არ მგონია, რომ იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებული არიან ეს ხალხი, რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ, ალბათ, და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“, - განმარტა სერგეენკომ მედიასთან საუბარში.
პარლამენტის უპარტიო წევრმა თამარ კორძაიამ საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვა, მოუწოდოს სამართალდამცავ უწყებებს, ქვეყანაში „ღირსების მარში“ - პრაიდი ღირსეულად ჩატარდეს.
17 ივნისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა.
"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. კობახიძე ამატებს: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.
ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის" დირექტორი გიორგი თაბაგარი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა კობახიძის პოზიციას.
მისი სიტყვებით. ნაცვლად იმისა, რომ ეფექტიანად მუშაობდნენ სიძულვილის ჯგუფების განეიტრალებაზე, აკეთებდნენ მკაცრ განცხადებებს და გმობდნენ ძალადობას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.
„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.