Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორძაია ომბუდსმენს სთხოვს: "მოუწოდეთ შსს-ს "ღირსების მარში" ღირსეულად ჩატარდეს"


პარლამენტის უპარტიო წევრი თამარ კორძაია საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, მოუწოდოს სამართალდამცავ უწყებებს ქვეყანაში "ღირსების მარში" - პრაიდი ღირსეულად ჩატარდეს. კორძაიამ სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც მის ანგარიშსს უსმენდნენ.

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ არ უნდა მიეცეს ღირსების მარშს - პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით - ეს ერთია, რომ პარლამენტის წევრს და წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე არ ესმის, რას ითხოვს კონსტიტუცია, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, გააჟღეროთ მოწოდება, რომ შსს-მ და ყველა უწყებამ მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გააცნობიეროს, რომ ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და მოძალადეებს მიუჩინონ ადგილი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა.

"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?” კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. კობახიძე ამატებს: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

XS
SM
MD
LG