Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონს რეგულირების სააგენტო ამოწმებს


საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები. მათ უნდა შეამოწმონ პანსიონის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ხარვეზის გამოსასწორებლად დაწესებულებას გარკვეულ ვადას მისცემენ.

სააგენტოს წარმომადგენლის, ტარიელ კაშიას ინფორმაციით, პანსიონი ბოლოს 2018 წელს შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო წესი, რომლის თანახმად არ შეიძლება ერთ ოთახში 9 ბავშვზე მეტის ყოფნა, პანსიონში არ იყო აუცილებელი 3-კომპონენტიანი სადილი და წელიწადში ერთხელ ბავშვები აგარაკზე არ მიჰყავდათ. კაშიას თანახმად, პანსიონმა მიცემულ ვადაში ხარვეზები გამოასწორა. სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავს დაწესებულებებს ვადა შესაძლოა, რამდენჯერმე მიეცეს და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, დადგეს ლიცენზიის გაუქმების საკითხი.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, არ უშვებენ სახალხო დამცველს. ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე,

3 ივნისს, რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 სლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.

XS
SM
MD
LG