საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუკზე" ავრცელებს მიმართვას შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით. ის შსს-ს მიმართავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაასაჯაროვოს.
„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას", - აცხადებს საპატრიარქო.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხ საქმეზე არის გამოძიება დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.