მიუხედავად იმისა, რომ COVID-ვაქცინების პირველი დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული იმუნიტეტი ყალიბდება, ინფიცირების რისკი მაინც არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, COVID-ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საქართველოში კოვიდით ინფიცირების 350-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კვლავაც იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელსაც მსოფლიო ინფიცირების პრევენციისათვის იყენებს, იქნება ეს პირბადის მოხმარება თუ სოციალური დისტანციის დაცვა.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, კორონავირუსით „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის მიღებიდან მეხუთე კვირას დაინფიცირდა. სიმპტომები იმდენად მინიმალური ჰქონდა, რომ ტესტის გაკეთებას არც კი ფიქრობდა. დღეს ინფიცირებიდან მეშვიდე დღეა. ამ ერთი კვირის განმავლობაში, მას არც სიცხე და არც სხვა რაიმე ნიშანდობლივი სიმპტომი არ ჰქონია:
„შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით აღმოვაჩინე, ინფიცირებული რომ ვიყავი. ოდნავი დისკომფორტი მქონდა, თითქოს სურდო რომ იწყება. ტრენინგს ვატარებდი დაავადებათა კონტროლის ცენტრში და იქ შემომთავაზეს ტესტის ჩატარება. გავიკეთე ტესტი და დადებითი აღმოჩნდა. სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუ არ ჩავთვლით ოდნავ სისუსტის შეგრძნებას, რომელიც მალევე გაქრა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ აღარაფერს ვგრძნობ. ცხადია, დაჟინებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ვირუსი ასე მსუბუქად სწორედ იმიტომ წავიდა ჩემს შემთხვევაში, რომ აცრილი ვიყავი. მართალია, მხოლოდ ერთი დოზით, მაგრამ პირველი დოზის გაკეთებიდან უკვე ხუთი კვირა იყო გასული და საკმაო რაოდენობის ანტისხეული მექნებოდა იმისათვის, რომ ვირუსის მძიმე ფორმისგან დაცული ვყოფილიყავი“.
იაგო კაჭკაჭიშვილი ვაქცინას უკავშირებს იმასაც, რომ ვირუსი ოჯახის არცერთ წევრს არ გადასდებია:
„სწორედ დღეს მივიღეთ ოჯახის წევრების პისიარ ტესტის პასუხები. მეუღლეცა და შვილებიც ჯანმრთელები არიან. ერთ სახლში ვცხოვრობთ, ყოველდღიური და ახლო კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. თუმცა, საბედნიეროდ, ვირუსი მათ არ გადაედოთ. გამოკვლევების თანახმად, ცნობილია, რომ არსებობს რისკი, რომ ვაქცინირებულმა ადამიანმა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდება, შესაძლოა, სხვაც დააინფიციროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს რისკიც საკმაოდ დაბალია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასე მოხდა“.
იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი დაავადება მსუბუქ ფორმებში წარიმართა, აუცილებელია, რომ ვაქცინირებულმა ადამიანებმა კვლავ დაიცვან ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს:
„მე ტესტი შემთხვევით ჩავიტარე და გავიგე, რომ ინფიცირებული ვიყავი. გაგვიმართლა და ოჯახის წევრებს ვირუსი არ გადაედოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის უსიმპტომო მატარებელი ვიქნებოდი და ვერ გავიგებდი, რომ ინფიცირებული ვიყავი, სხვა ადამიანებს არ დავაინფიცირებდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შემდეგაც, მაქსიმალურად დავიცვათ თავი, ელემენტარულად, ვატაროთ ნიღაბი. აუცილებელია, რომ ეს თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს და გამოიჩინოს სიფრთხილე. აუცილებელია ისიც, რომ ამცრელ პუნქტებში მოქალაქეებს მკაფიოდ უხსნიდნენ, რომ ვაქცინაცია არ ნიშნავს პრევენციის ზომებზე უარის თქმას“.
ვაქცინაციიდან ექვსი კვირის თავზე დაინფიცირდა ექიმი ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი. კოვიდით ინფიცირების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ექიმთათვის სავალდებულო ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მისი ავადობა, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ განვითარდა:
„17 მარტს გავიკეთე „ასტრაზენეკა“. კოვიდი მაისის დასაწყისში დამიდასტურდა. ვირუსი ისე გადავიტანე, რომ არავითარი სიმპტომი არ მქონია - არც თავის ტკივილი, არც ხველა, არც ცხვირიდან გამონადენი, არც ტემპერატურა, არც წნევის ცვლილება. უბრალოდ ვიყავი იზოლირებული სახლში, ვსვამდი ბევრ სითხეს, ვვარჯიშობდი, ლექციებს ვკითხულობდი ონლაინ. ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ გვიცავს. ამიტომ, ამ ეტაპზე, რაოდენ დისკომფორტსაც არ უნდა ვგრძნობდეთ, ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ რეკომენდაციებს და გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია“.
მოქალაქეთა ნაწილი, რომლებმაც უკვე გაიკეთეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, ამბობენ, რომ ამცრელ პუნქტებში, ისინი უსაფრთხოების წესების კვლავ მკაცრად დაცვის შესახებ არ გაუფრთხილებიათ. გააფრთხილეს, მაგალითად, იმის შესახებ, რომ „რამდენიმე დღე ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ“, მაგალითად, იმის შესახებ, რომ „ორი-სამი დღე ნანემსარზე წყალი არ მიიკარონ“, „ტემპერატურა თუ მოიმატებს, სიცხის დამწევი დალიონ“. რაც შეეხება უსაფრთხოების წესების დაცვის გაგრძელებას, ამის თაობაზე, უმეტესი მათგანი არავის გაუფრთხილებია.
რატომ უნდა ატარონ ნიღაბი და დაიცვან უსაფრთხოების წესები ვაქცინირებულებმა?
ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: ერთი, რომ თავად არ დაინფიცირდნენ, რადგან მართალია მინიმალური, მაგრამ ამის შანსი მაინც არის. და მეორე, უსიმპტომოდ მიმდინარე ვირუსის შემთხვევაში, უნებურად, არ დააინფიცირონ გარშემომყოფნი.
ადამიანი სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ ითვლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფიცირებისგან 100%-იან დაცვას დღეს ავტორიზირებული არცერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს, თუმცა, ინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანები მაქსიმალურად არიან დაცულნი დაავადების გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და შესაბამისად, ვირუსით გარდაცვალებისგან.
უკანასკნელი კვლევების თანახმად, ამერიკულ-გერმანული წარმოების „პფაიზერი“, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მეორე დოზამდე, აჩვენებს 52,4%-იან დაცვას სიმპტომური დაავადებისგან. თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან კვლევის პერიოდში მოექცა ვაქცინის პირველი დოზის შემდგომ 11-დღიანი მონაკვეთი, როდესაც ჯერ ანტისხეულებს გამომუშავება არ აქვთ დაწყებული. ამიტომ აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 84,5%-საც კი აღწევდეს. სრულად, ორი დოზით ვაქცინაციის შემდეგ, „პფაიზერის“ ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ. 100%-იან შედეგს აჩვენებს ის ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ.
რაც შეეხება, ბრიტანულ-შვედურ „ასტრაზენეკას“, პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინის ეფექტიანობა აღწევს დაახლოებით 67%-ს. უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, რომელიც ინგლისის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ (PHE) 20 მაისს გამოაქვეყნა, „ასტრაზენეკას“ ორივე დოზის მიღების შემდეგ, მისი ეფექტიანობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 85-90%-ია. ამ დრომდე, ცნობილი იყო, რომ „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ, სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 79%-ს უტოლდებოდა.
ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ეფექტიანობაორი დოზის გაკეთებიდან 2 კვირაში 79%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი დოზის შემდეგ მის ეფექტიანობას, ზუსტი მაჩვენებელი ამ მონაცემთან დაკავშირებით, არ გამოქვეყნებულა.
როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტავს, აცრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში, ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ სრულიად დაუცველია, ანუ ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას, აცრის პირველი დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს. რაც შეეხება სრულად ვაქცინირებას, ადამიანი სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ მას შემდეგ ითვლება, რაც ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან 2 კვირა გავა.
ვაქცინაცია საქართველოში
26 მაისის მონაცემებით, საქართველოში 121 263 ადამიანია აცრილი. მათგან ორივე დოზით, 17 518.
ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს, „ასტრაზენეკათი“ დაიწყო. „კოვაქს პლატფორმის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა 43 200 დოზა ვაქცინა, რომელიც მოქალაქეების თითო დოზით ასაცრელად იყო განკუთვნილი.
რამდენიმე დღეში, საქართველომ მიიღო „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა, რომლითაც 15 000-მდე მოქალაქე უნდა აიცრას.
„სინოფარმით“ ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, საქართველოს აქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, რომლითაც 50 ათასი მოქალაქე აიცრება.
კიდევ ერთი ვაქცინა, რომლითაც საქართველოში მოსახლეობა აიცრება, ეს ჩინური "სინოვაკია", რომელსაც ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. ვაქცინაცია "სინოვაკით" 24 მაისს დაიწყო. სულ ქვეყანაში 100 000 დოზა "სინოვაკია" შემოსული, რომელიც 50 ათასი მოქალაქისთვისაა განკუთვნილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 15 ივნისამდე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაახლოებით 43 000 დოზა, ხოლო ივნისის ბოლოს, ან ყველაზე გვიან ივლისის პირველ რიცხვებში, საქართველო მიიღებს „სინოფარმის“ 500 000 დოზას.
რაც შეეხება „ფაიზერს“, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კონტრაქტი დასრულების პირას არის“ და მესამე კვარტალში თანდათანობით უნდა შემოვიდეს მილიონი დოზა ვაცქინა.
რადიო თავისუფლებამ კომპანია „პფაიზერს“ 25 მაისს კითხვებით მიმართა: რა ეტაპზეა მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან? როდის და რამდენი დოზა ვაქცინის ჩამოტანა იგეგმება საქართველოში? პირველ ეტაპზე, რამდენი დოზა ვაქცინა შემოვა ქვეყანაში?
26 მაისს კომპანია "პფაიზერისგან" პასუხი მივიღეთ:
„მოლაპარაკებების ამ ეტაპზე, მხოლოდ შემდეგი პასუხი შეგვიძლია გაგცეთ. კომპანია „პფაიზერი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ უკვე დასრულებულია წინასწარი მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთი მილიონი დოზა ვაქცინის BNT162b2 მოწოდებასთან დაკავშირებით. ამჯერად კომპანია შეუდგება კონტრაქტის შემდგომ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან“.