თეოლოგებისა და სასულიერო პირების წრეებში თვლიან, რომ ახლა ყვირილის დროა, რადგან ანტიოქიის უძველესი ეკლესია რუსეთის ინტერესების შესაბამისად, არაკანონიკურ ნაბიჯს დგამს და არც ის არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებიდან გასვლას შეუწყოს ხელი.
- რატომ არის სახიფათო კრემლის მეხოტბე პატრიარქის, იოანე მეათის ხმამაღალი გზავნილები?
- შესაძლებელია თუ არა აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება?
- რა მოხდება მაშინ, თუკი აფხაზეთის ეკლესია რაიმე სახით ავტონომიას მოიპოვებს?
სტუმრობა და დიდი პატივი
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა, იოანე მეათემ სირიის დედაქალაქში, დამასკოში რამდენიმე დღის წინ დიდი პატივით მიიღო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც 16 მაისს დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერის რანგში ჩავიდა სირიაში - რუსეთის მოკავშირე და ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლირებული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ქვეყანაში.
სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად 2018 წელს აღიარა და ასადის ქვეყანაში ბჟანიას „ოფიციალური ვიზიტი“ ბევრისთვის გასაკვირი არც იყო. თუმცა სერიოზული შეშფოთების საფუძველი გახდა ანტიოქიის პატრიარქის მიერ ფართოდ აფიშირებული პოზიცია.
ბჟანიას სტუმრობას, ანტიოქიის (იგივე სირიის) საპატრიარქომ თავის ფეისბუკგვერდზე არაერთი საგანგებო პოსტი მიუძღვნა და გულთბილი დახვედრის, სანთლების დანთებისა და ხატის ჩუქების ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. ყველა ამ პოსტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტად არის მოხსენიებული.
რუსულენოვან მედიას არც იოანე მეათის ის სიტყვები გამორჩენია, რომლებიც აფხაზეთთან, საქართველოს ეკლესიის გვერდის ავლით, პირდაპირი კავშირების გაბმის განზრახვას ასახავს.
„ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს ვიზიტს (სირიაში), თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. თქვენს სახელმწიფოს, ეკლესიასა და მთელ აფხაზ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და ყველაფერ საუკეთესოს. მზად ვართ, თქვენს ქვეყანას აღმოვუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც თქვენ დაგჭირდებათ ქრისტიანული და საეკლესიო ხაზით“, - უთხრა 18 მაისს, პირისპირ შეხვედრის დროს ანტიოქიის პატრიარქმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს.
- ინტერნეტში მრავლად მოიძებნება იოანე მეათის განცხადებები, თუ როგორ ასხამს ის ხოტბას რუსეთის ხელისუფლებასა და პირადად პრეზიდენტ პუტინს სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერისთვის და მრავალმხრივი, გულუხვი დახმარებისთვის.
- ანტიოქიის პატრიარქი ცამდე მადლიერი დარჩა, როცა 2017 წელს პრეზიდენტმა პუტინმა მას თავის რეზიდენციაში უმასპინძლა და ერთი-ერთზე, პირისპირ ესაუბრა.
კანონიკურად, მთელი ქრისტიანული სამყარო აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში განიხილავს და ფორმალურად ასეთია რუსეთის პოზიციაც. თუმცა საქართველოს მიმართ რუსეთის რეალური გეგმების გათვალისწინებით, არავინ გამორიცხავს, რომ იოანე მეათის სახიფათო მესიჯებს შესაბამისი საქმეც მოჰყვეს - იმ ფონზე, როცა აფხაზეთს საქართველოს ეკლესიისგან გამიჯვნის სურვილი არასოდეს დაუმალავს.
რა უნდა ანტიოქიის საპატრიარქოს?
მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე იოანე მეათის მესიჯებს წინასწარ განზრახული გეგმის ნაწილად და „ორი კურდღლის დაჭერის“ ერთგვარ მცდელობად განიხილავს.
„ანტიოქიის ეკლესიაზე, სერბეთისა და იერუსალიმის ეკლესიის მსგავსად, ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთის საპატრიარქოს. რუსეთის საპატრიარქო კი პირდაპირ ემორჩილება რუსეთის ხელისუფლების, კრემლის ინტერესებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსკოვის საპატრიარქო არის კრემლის იდეოლოგიურ-რელიგიური დეპარტამენტი.
ძალიან სახიფათო და საშიშია ჩვენი ეკლესიისთვის ანტიოქიის ეკლესიის ღია აღიარება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და ღია მზადყოფნა აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩარევისა.
მეორე მხრივ, ანტიოქიას საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევა სხვა დროსაც არაერთხელ უცდია და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ანტიოქიის საპატრიარქო პატრიარქს (ტიტულის სრულ დასახელებაში) უწოდებს ივერიის პატრიარქს, ივერია კი - საქართველოა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის დაპყრობა მათი მიზანია და ამ შემთხვევაში, აფხაზეთის დაქვემდებარება მათთვის ძალიან ხელსაყრელი და რეალისტურია“, - გვეუბნება დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
შესაძლებელია თუ არა, რომ ანტიოქიის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ნაწილს, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ავტოკეფალია მიანიჭოს?
თეორიულად ამას არავინ გამორიცხავს, მაგრამ, როგორც დეკანოზი გვეუბნება, კონსტანტინოპოლის დასტურის გარეშე ეს ისეთივე „ჰაერში გამოკიდებული“ აღიარება იქნება, როგორც, მაგალითად - სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებაა მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო არაღიარების პრინციპით მოქმედებს.
თუმცა დეკანოზი არ გამორიცხავს, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან დაპირისპიებულმა და რუსეთის ორბიტაზე მოქმედმა ანტიოქიის საპატრიარქომ ავტოკეფალიის ნაცვლად, აფხაზეთს ავტონომიური საკათალიკოსოს სტატუსი მიანიჭოს, რაც საერო ცხოვრებაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს შეესაბამება.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ანტიოქიის პატრიარქის სვლაში მერკანტილურ ინტერესებსაც ხედავს, რადგან სირიაში არეულობის გამო, ანტიოქიის ეკლესიაც დიდწილად რუსეთის მოწყალების იმედად დარჩა. ასევე, მისი შეფასებით, ანტიოქიამ ამ სვლით „აბუჩად აიგდო“ კონსტანტინოპოლი - მსოფლიო საპატრიარქო.
„რუსეთის ინტერესების წინა პლანზე წამოწევისა და საჯაროდ აფიშირების გარდა, ანტიოქიის საპატრიარქომ აფხაზეთის მიმართ მიდგომით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არ აღიარებს მსოფლიო საპატრიარქოს პირველობას და მართლმადიდებლურ სამყაროში მყარდება ახალი მართლწესრიგი, სადაც მმართველად რუსეთის საპატრიარქო იქნება წარმოდგენილი.
რუსმა სასულიერო პირებმა, რომლებიც განაყენეს, ახლახან განაცხადეს, რომ ანტიოქიის პატრიარქთან რუსეთის საპატრიარქოს დავალებით ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი დოლარი, რათა ანტიოქიის საპატრიარქოდან კრეტის კრებაზე არ წასულიყვნენ და უკრაინის ავტოკეფალია არ ეღიარებინათ“, - გვეუბნება ტიგინაშვილი.
2016 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეულ კრეტის კრებაზე არც საქართველოს ეკლესია იყო წარმოდგენილი.
რა შეიძლება მოხდეს ავტონომიის შემთხვევაში?
დეკანოზ ილია ჭიღლაძის განმარტებით, თუკი ოკუპირებული აფხაზეთი ანტიოქიის საპატრიარქოსგან ნებისმიერი ფორმით ავტონომიას მიიღებს, რუსეთს ეს უფრო იოლად გაუხსნის ხელ-ფეხს შემდგომი ნაბიჯებისთვის:
- რუსეთი უფრო თამამად იმოქმედებს აფხაზეთში ქართულ ტაძრებში ქართული კვალის წაშლის მიმართულებით, ისევე როგორც ეს მაგალითად ილორის ეკლესიის შემთხვევაში მოხდა;
- ამჟამად უმოქმედო ტაძრების გახსნა-გარემონტებით რუსეთი შეძლებს, უფრო ეფექტიანად დანერგოს რუსეთის ეკლესიის „პრავასლავნიკურ-კრემლისტური მენტალიტეტი“ ამჟამად აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს შორის, რაც მათი კიდევ უფრო დამორჩილების ინსტრუმენტია.
რას ამბობს საქართველოს საპატრიარქო?
საპატრიარქო დუმს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 19 მაისს ჟურნალისტებს ანტიოქიის პატრიარქის ქმედებების შესახებ უთხრა, რომ „ეს არის ნეგატიური მოვლენა“ და „უცნაური ფაქტი“, რომელსაც მოჰყვება რეაგირება. თუმცა რეაგირებამდე, მისი განცხადებით, „გარკვეული კომუნიკაცია და დეტალების დაზუსტება“ იყო საჭირო და ახლო მომავალში უნდა დავლოდებოდით საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის შეფასებებს.
19 მაისის შემდეგ კიდევ 2 დღეზე მეტი გავიდა და საპატრიარქოს ოფიციალურ საიტებზე არანაირი განცხადება არ იძებნება. რადიო თავისუფლებამ 21 მაისს ვერც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან დაკავშირება მოახერხა და ის არც ჩვენს წერილობით შეკითხვებს გამოეხმაურა. გვაინტერესებდა - რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს, ხომ არ დასრულებულა საკითხის შესწავლა და საპროტესტო წერილი თუ მაინც გაიგზავნა სირიაში.
ვითარება იმდენად სახიფათოდ მიაჩნია, რომ დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპატრიარქოსგან არა მხოლოდ ყვირილისა და ხმამაღალი, მწვავე განცხადებების საჭიროებას ხედავს, არამედ ფიქრობს, რომ „საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიასთან ევქარისტული კავშირიც კი უნდა გაწყვიტოს“. საპატრიარქოს დუმილს დეკანოზი „სამარცხვინოს“ უწოდებს.
„მათ შესაძლოა გააგზავნეს კიდეც წერილი ანტიოქიის პატრიარქთან, მაგრამ კულისებში მოქმედება არ იქნება საკმარისი. აუცილებლად უნდა გაკეთდეს საჯარო განცხადება და ხმამაღლა დაიგმოს ანტიოქიის საპატრიარქოს შემოჭრა საქართველოს ეკლესიის საქმეში...
ძალიან მწვავე უნდა იყოს პროტესტი ანტიოქიის პატრიარქის არაკანონიკური, არამეგობრული განცხადებების გამო - რომ ის მზად არის ჩაერიოს აფხაზეთის შიდა საეკლესიო საქმეებში.
საპატრიარქომ უნდა მიმართოს მსოფლიო პატრიარქს და სხვა ეკლესიების პატრიარქებსაც, რომ ანტიოქიის საპატრიარქო უღირსად, არამეგობრულად იქცევა“, - გვეუბნება დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელმაც ამ თემას რამდენიმე ფეისბუკპოსტიც მიუძღვნა.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მრევლის დაწყნარების მიზნით საქართველოს საპატრიარქომ გარკვეული განცხადებები მაინც გააკეთოს; მაგრამ თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს განცხადებები იქნება რბილი და მოზომილი, ისევ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.
„საქართველოს საპატრიარქომ რეალური პროტესტი რომ გამოხატოს, მაშინ ფრჩხილებიც უნდა გახსნას და მიუთითოს ადრესატი, ანუ ამ პროცესების რეალური ინსპირატორი და მოთავე უნდა დაასახელოს. რადგან ეს არის რუსეთი, ამას ვერ გააკეთებს საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მიმართ მაამებლური დამოკიდებულების გამო...
საპატრიარქოს განცხადება იქნება მხოლოდ რიტორიკა, შეფასებითი ნაწილი და არა კონკრეტული ქმედება, რამაც პრობლემის რეალურად გამოსწორება უნდა უზრუნველყოს“, - გვეუბნება გიორგი ტიგინაშვილი.