რუსეთი აცხადებს, რომ გამოვიდა წინადადებით ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე, რათა განხორციელდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია - გასულ კვირაში ერევანსა და ბაქოს შორის განახლებული დაძაბულობის ფონზე.
სომხეთმა აზერბაიჯანის სამხედროები დაადანაშაულა საზღვრის გადალახვაში, სიუნიქისა და გეღარქუნიქის პროვინციებში რამდენიმე კილომეტრის სიღრმით შეჭრაში და ტერიტორიაზე განაცხადის გაკეთების მცდელობაში.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი სამხედროები არ შესულან სომხეთში და ისინი უბრალოდ გამაგრდნენ საზღვრის აზერბაიჯანის მხარეს, პოზიციებზე, რომლებიც ზამთრის თვეებში მიუწვდომელი იყო.
სასაზღვრო დავამ თავი იჩინა რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქვეყნებმა დაასრულეს ექვსი კვირის განმავლობაში წარმოებული ომი სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო.
კონფლიქტი, რომელსაც 6000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ნოემბერში დასრულდა, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.
ამ შეთანხმების ფარგლებში სომხეთმა დათმო ბევრი ტერიტორია, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.
ტაჯიკეთში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა 19 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი გამოვიდა წინადადებით შეიქმნას სომხურ-აზერბაიჯანული კომისია საზღვრის დემარკაციის მიზნით, რაშიც რუსეთი "კონსულტანტის" ან "შუამავლის" პოზიციით მიიღებს მონაწილეობას.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა დაადასტურა რუსეთისგან მიღებული წინადადება. "პასუხად, სომხეთის მხარემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ძალების გასვლის საჭიროებას სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, ამგვარი სამუშაოს დაწყებამდე" - ამბობს გრიგორიანი და დასძენს: "ამგვარი დისკუსიებისთვის პირობები მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნება".
ლავროვმა რუსეთის წინადადება წარმოადგინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) შეხვედრაზე, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართა.
19 მაისს რუსეთის პრეზდიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ცალ-ცალკე გამართა სატელეფონო საუბრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან.