საქართველოში დღეიდან იწყება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის პროცესი. იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომელთაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, შესაბამის პორტალზე 5 მაისს დაიწყო.
„ასტრაზენეკა“ - კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. აცრა ტარდება ორ დოზად - 8-12 კვირის ინტერვალში. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.
5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა, მეორე 43 000 დოზა კი - 6 მაისს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.
დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 10 მაისის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 62 447 აცრა, აქედან სრულად აცრილია 10 852 ადამიანი.