Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტა, საგარეჯო და გურჯაანი სტიქიამ დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახმეტის სოფლებში, ფიჩხოვანში, არგოხსა და მაღრაანში დაზიანებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები, კენკროვანი ხილისა და ხეხილის ბაღები.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც. იქ ძირითადად წაქცეულია ხეები. გურჯაანში კი მდინარეებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა და საავტომობილო გზებზე გადმოვიდა.

როგორც რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რადგან ქუჩები ხევიდან ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან გაიწმინდოს. მისივე ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობაა სოფელ გურჯაანთან.

სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში, სავარაუდოდ, ხვალ დილიდან სტიქიის შედეგების აღწერა-შეფასება დაიწყება.

სტიქიამ კახეთის რეგიონი ბოლო 10 დღის განმავლობაში უკვე სამჯერ დააზარალა.

აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსავალი თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც გაიმართა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მათ მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლიათ. ისინი ფერმერებს მოუწოდებენ, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთონ.

XS
SM
MD
LG