Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე


საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ უწყებამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა მისი პატიმრობა. ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით, სასამართლოზეა დამოკიდებული, როდის ჩანიშნავს პროცესს. ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთნ საუბრისას პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

XS
SM
MD
LG