ინდოეთში ღრმავდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისი, მძიმე ვითარებაა სამხრეთ აზიის ზოგ სხვა ქვეყანაშიც.
მსოფლიოს ქვეყნები ჟანგბადით და სამედიცინო მასალით ამარაგებენ ინდოეთს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დამატებით 1000 ვენტილატორს გაგზავნის თავის ყოფილ კოლონიაში. განვლილი კვირის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,6 მილიონი ახალი შემთხვევა და 23800 გარდაცვალება აღირიცხა. დღემდე ინდოეთში COVID-19-ით გარდაიცვალა 215 ათასამდე ადამიანი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს და რომ სინამდვილეში მსხვერპლი ბევრად დიდია.
პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა უარს ამბობს ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნის შემოღებაზე, მაგრამ ბევრმა შტატმა საკუთარი ამკრძალავი ზომები დააწესა.
განგაში იმატებს სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც. ინფექციის სწრაფი გავრცელება აღინიშნება ნეპალსა და შრი-ლანკაში, სადაც საწოლების, ჟანგბადისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდიან.
„ძალიან მალე შესაძლოა ინდოეთის მსგავსი კრიზისის მომსწრე გავხდეთ, თუკი არ შევაკავებთ ინფექციის გავრცელების ამჟამინდელ ტენდენციას,“ თქვა შრი-ლანკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა სუდათ სამარავირამ.
კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღას ებრძვის პაკისტანიც. ხელისუფლებამ 2 მაისს გადაწყვიტა, 4-დან 20 მაისამდე დროებით შეაჩეროს ქვეყანაში შესვლა ავღანეთიდან და ირანიდან. აკრძალვა არ ეხებათ პაკისტანის მოქალაქეებს, რომლებიც შინ ბრუნდებიან ამ მეზობელი ქვეყნებიდან.