თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მიუხედავად საჯარო განცხადებისა, რომ მომღერალ გია გაჩეჩილაძეს ევროპის მოედანზე მდგარი ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმებდნენ, ჯარიმა მის სახელზე გამოწერილი არ აქვს და მის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაკეთებული წარწერაც ადგილზეა. გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულვერიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს", ესაა სიტყვები, რომელიც "უცნობის" სახელით ცნობილმა მომღერალმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.
თბილისის მერიამ გია გაჩეჩილაძის წარწერას მალევე ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცა და როგორც რადიო თავისუფლებას, ასევე სხვა მედიებს უთხრა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი ქმედება, სავარაუდოდ, ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, აუცილებლად მოჰყვებოდა.
"კანონის შესაბამისად, ორთვიან ვადაში უნდა მოხდეს დაჯარიმება, ინსპექცია ყველა წესის დაცვით ახორციელებს პროცედურას. დაჯარიმება მოხდება პროცედურის დაცვით და კანონით დადგენილ ვადაში", - ასეთია პასუხი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მუნიციპალური ინსპექციისგან დღეს მიიღო. უწყებას აღსრულების შესახებ კითხვით 12 აპრილსაც მივმართეთ და მაშინ გვითხრეს, რომ 9 აპრილს განხორციელებულ ვანდალიზმის აქტზე რეაგირებას ხელი დასვენების დღეებმა შეუშალა და უახლოეს დღეებში გამოიწერებოდა შესაბამისი ჯარიმა.