Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უცნობმა" და ვატო შაქარიშვილმა ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გასათავისუფლებლად ხელმოწერები შეაგროვეს


მოძრაობა "აი იას" დამფუძნებლებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა", "ფორმულას" წამყვანის, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გასათავისუფლებლად ხელმოწერები შეაგროვეს, რომლის სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. ამის შესახებ მათ დღეს, 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ 2000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული. შაქარაშვილმა დაკავებულებს პოლიტ-მედია პატიმრები უწოდა.

"ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტ-მედია ტერორისგან. მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დარღვევით, მოძალადეებად გამოცხადდნენ და მათ სასამართლოს განაჩენამდე უარიც კი ეთქვათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტ-მედია ბულინგს", - თქვა ვატო შაქარაშვილმა.

როგორც ჟურნალისტი ჰყვებოდა, მას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ, აშშ-ის საელჩომ. ჟურნალისტმა მასზე თავდასხმა თავისსავე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

XS
SM
MD
LG