მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს.
„აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. აქ თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია დაგვეთანხმოს სამართლიანი და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება და მას მივიღებთ, შეთანხმებას შევასრულებთ", - თქვა ოხანაშვილმა. მან დააზუსტა, რომ ამნისტია შეთანხმებულ ვადაში იქნება მიღებული.
რაც შეეხება ნიკა მელიას მიმართვას, ანრი ოხანაშვილმა თქვა: „ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირთან ერთად ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. ერთი ადამიანის ხუშტური ვერ გადაწონის ვერცერთ შეთანხმებას".
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება" 27 აპრილს გეგმავს ბრიფინგს და ამნისტიის საკითხზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის.
„ლელოს"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტი 27 აპრილს დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.
„ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს.
27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.
ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.