აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა გენოციდად სომეხთა ხოცვა-ჟლეტა პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში. ბაიდენის ეს განცხადება გავრცელდა 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს, და თურქეთის გულისწყრომა გამოიწვია.
"ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ემსხვერპლა ოსმალეთის პერიოდის სომეხთა გენოციდს და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ წინ აღვუდგებით ამგვარ სისასტიკეს, რათა ის აღარასოდეს განმეორდეს" - აცხადებს ბაიდენი და დასძენს, რომ ეს საზარელი მოვლენები ისტორიიდან არ უნდა დაიკარგოს და უნდა გვახსოვდეს "რომ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ სიძულვილის ყველა ფორმის დამაზიანებელი გავლენის მიმართ".
ამ ოფიციალური აღიარებით, ბაიდენმა შეასრულა საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს დადებული პირობა, რომ გადადგამდა ამ, დიდწილად სიმბოლურ ნაბიჯს. სომხები ათწლეულების განმავლობაში ითხოვენ ამ ცნების, გენოციდის გამოყენებას მაშინდელი მასობრივი მკვლელობების და დეპორტაციების აღსაწერად, მაგრამ ამ სიტყვას გადაჭრით უარყოფს თურქეთი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, ეს ნაბიჯი არ ემსახურება თანამედროვე თურქეთის დადანაშაულებას.
მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მყისიერად განაცხადა, რომ მისი მთავრობა "არავისგან მიიღებს გაკვეთილებს ჩვენი ისტორიის შესახებ".
პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში, ოსმალეთის იმპერიაში თურქებმა დახოცეს ან დეპორტაციას დაუქვემდებარეს 1,5 მილიონი სომეხი - ქრისტიანი უმცირესობა ძირითადად მუსლიმურ იმპერიაში. ბევრი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ამ მკვლელობებს გენოციდად მიიჩნევენ. ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა ოსმალეთის მთავრობის გეგმას სომეხთა გასანადგურებლად.