Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი, რომელიც ნინის საქმეს ჩამოაშორეს, სექსუალური ძალადობის საქმეებს გამოიძიებს


წერილი, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილმა 14 წლის ნინიმ, სავარაუდოდ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, მიუხედავად სახლში ჩატარებული ჩხრეკისა, გამომძიებლებმა ვერ იპოვეს. მათ ნაცვლად, წერილი რამდენიმე დღის შემდეგ, ნინის დამ, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, თამუნა ცეცხლაძემ, სახლში, ბავშვის ტანსაცმელში იპოვა. წერილი გამოძიებას თამუნა ცეცხლაძის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ გადასცა.

ანა თავხელიძე, თამუნა ცეცხლაძის უკვე ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტია იმ საგამოძიებო შეცდომების ჩამონათვალიდან, რაც 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში აღმოჩნდა და რის გამოც, ადვოკატმა ჯერ კიდევ 12 თებერვალს მიმართა გენერალურ პროკურატურას, საქმისთვის ჩამოეშორებინა პროკურორი ანი ბორჩაშვილი და დაეწყო გამოძიება პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მიერ სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე.

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბორჩაშვილი საქმეს 24 თებერვალს ჩამოშორდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, პროკურორის და გამომძიებლის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია ამ დრომდე სწავლობს.

რაც შეეხება თავად ანი ბორჩაშვილს, მას რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა და კვლავ გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ანი ბორჩაშვილის სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის საკითხს გენერალური პროკურატურის გენ-ინსპექცია სწავლობს, პროკურორმა აპრილის დასაწყიში გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თემაზე“ და ამჯერად, საქართველოს პროკურატურის მიერ მიენიჭა სპეციალიზებული პროკურორის სტატუსი. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ გენერალური ინსპექციის მიერ, სავარაუდო გულგრილობის საქმის შესწავლის დასრულებამდე, სწორი და სამართლიანი სტანდარტის პირობებში, პირველ რიგში, პროკურორის მიმართ გარკვეული შემზღუდავი ღონისძიება უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ანა თავხელიძეს ის მიაჩნია, რომ პროკურორი, ამიერიდან სწორედ იმ ტიპის საქმეების საგამოძიებო პროცესში იქნება ჩართული, რომელშიც მან სამსახურებრივი გულგრილობა გამოავლინა. ადვოკატის თქმით, რომ არა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან გამოვლენილი გულგრილობის ფაქტები, არ არის გამორიცხული, რომ 14 წლის ბავშვის სიცოცხლე ფატალურად არ დასრულებულიყო:

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამიერიდან, ეს პროკურორი დაშვებას მოიპოვებს ამ ტიპის საქმეებზე. პროკურორი, რომელმაც სულ რაღაც ორი თვის წინ, არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოზარდის საქმე სათანადოდ გამოეძიებინათ და ბავშვის უსაფრთხოება და სიცოცხლე დაეცვათ, დღეს უკვე იმუშავებს სექსუალური ძალადობის საქმეებზე“.

რა არ გააკეთა პროკურორმა?

ანა თავხელიძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც გასული წლის 10 დეკემბერს, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყო, „პროკურორის მიერ გაკეთებულ ერთ ჩანაწერს, თუნდაც წერტილსაც“ კი ვერ იპოვის დაინტერესებული პირი. მისი თქმით, გამოძიება, რომელიც ნინის გარდაცვალებამდე, ზუსტად ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გულგრილობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია:

„თუკი პროკურორი საქმეს თვალს ადევნებდა და ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, წარმოუდგენელია, რომ მას არ შეემჩნია გამოძიების პროცესში დაშვებული შეცდომები. საქმეში არ დევს არცერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ პროკურორმა რაიმე ზომა მიიღო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად. თუკი ის ხედავდა, რომ ამისათვის გამოძიება არაფერს აკეთებდა, პირდაპირი, წერილობითი მითითება უნდა მიეცა გამომძიებლისთვის. პროკურორს უნდა მიეღო ყველა ზომა იმისათვის, რომ დროულად მოეგროვებინა გამოძიებას მტკიცებულებები. მაგალითად, როდესაც ნახა, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე არ იყვნენ გამოკითხულნი ის პირები, ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა ფაქტზე, გამოძიებისათვის უნდა დაევალებინა ამ პირების გამოკითხვა. პროკურორს უნდა გასჩენოდა ეჭვი, ოჯახში, სავარაუდო ძალადობის შესახებაც და ამ მიმართულებით უნდა დაეგეგმა და ზედამხედველობა განეხორციელებინა გამოძიებაზე. გამოეკითხა ოჯახის წევრები, მოეკითხა და მოეთხოვა დახეული ტანსაცმლის ამოღება, უნდა მოეთხოვა ან თვითონ დაენიშნა ექსპერტიზა ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასების მიზნით. თუკი ვერ იწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო ბრალდებულის მიმართ, უნდა მიეთითებინა გამომძიებლისთვის, რომ გამოეცა შემაკავებელი ორდერი“.

პროკურორის საქმიანობის ხარვეზად მიაჩნია ანა თავხელიძეს ისიც, რომ ბავშვს, მთელი ორი თვის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული:

„ეს არის პროკურორის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ პირი ცნოს დაზარალებულად, რაც პროკურორს ამ საქმეში არ გაუკეთებია. არანაირი ზომა პროკურორს არ მიუღია იმისათვის, რომ ეფექტური საპროკურორო ზედამხედველობა ეწარმოებინა საქმეზე. აბსოლუტურად არანაირი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ ბავშვის უფლება ყოფილიყო დაცული. ყველაზე დიდი ძალაუფლება სისხლის სამართლის საქმეში აქვს პროკურორს, თუკი ის რაიმეს დაავალებს გამომძიებელს, გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის მითითება. ამ საქმეში პროკურორს წერტილიც კი არ დაუსვამს ბავშვის გარდაცვალებამდე. პროკურორი ყავდა თუ არა საქმეს, ამას საქმის მასალებიდან ვერც კი მიხვდებოდით. ნინის საქმეში პროკურორი და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ჩნდება მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ. მანამდე აბსოლუტურად არაფერი ჰქონდა საქმეში გაკეთებული. პირადად მე, მსგავსი გამოცდილება და შემთხვევა არასდროს მქონია. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ პროკურორისა და გამომძიებლის საქმიდან ჩამოშორება“.

ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას 3 წერილით მიმართა. მათ შორის, ბოლო წერილი 12 მარტით თარიღდება, სადაც ის პროკურატურის გენერალურ ინსპექციას დეტალურად აღუწერს იმ დარღვევებს, რომლებიც მისი ვარაუდით, პროკურორისა და გამომძიებლის სამსახურებრივი გულგრილობის საკითხს უკავშირდება:

„განცხადებაში მივუთითეთ, რომ შესაძლებელი იყო ბავშვის გარდაცვალების თავიდან აცილება, თუკი ეს პირები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს სათანადოდ შეასრულებდნენ და მოვითხოვეთ, რომ გამომძიებლის, პროკურორისა და სოც-მუშაკის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეესწავლათ და წერილობით ეცნობებინათ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილების შესახებ. ნინის საქმეს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის უეცარი გადაწყვეტილების საფუძველზე, 12 აპრილს ჩამოვშორდით, 12 აპრილის მდგომარეობით, ჩვენ გენერალური პროკურატურისგან პასუხი კითხვაზე, თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის გამოსაკვლევად, არ მიგვიღია. მხოლოდ ახლა შევიტყვეთ, რომ გენერალური ინსპექცია საქმეს სწავლობს. დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ საქმის შესწავლაა და არა გამოძიება“.

ნინის წერილი, რომელშიც ის პატიებას ითხოვს

ის, რომ 14 წლის ნინიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე წერილი დაწერა, აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისათვის. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პირველად უყვება საქმის ყოფილი ადვოკატი ანა თავხელიძე.

ბავშვის წერილი დაკრძალვის შემდეგ, 18 თებერვალს, შემთხვევით იპოვა მისმა დამ, რომელიც გარდაცვლილი გოგოს ტანსაცმელს ალაგებდა.

ნინი წერილში ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის. წერს, რომ დამნაშავეა, მაგრამ პატიებას ითხოვს. წერს, რომ ღამეები არ სძინავს და ურჩევნია სამუდამოდ დაიძინოს. ნინი წერილში მადლობას უხდის ერთ-ერთ ნათესავ ქალს, რომელმაც ის „დაიცვა“.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ ეს წერილი დასტურია იმისა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სავარაუდოდ, მოხდა ფაქტი, რომელმაც ბავშვი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა:

„ეს გადაწყვეტილება, ცხადია, დაკავშირებულია სექსუალურ ძალადობასთან და არ არის გამორიცხული, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს ოჯახში ძალადობას ან სხვა პირების მხრიდან ძალადობასაც. ამ წერილში ჩანს ბავშვის მდგომარეობა. ბავშვი მადლობას უხდის ნათესავ ქალს დაცვისთვის, რაც ნიშნავს, რომ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ეს წერილი დროულად უნდა ეპოვა გამოძიებას და შეესწავლა. თუმცა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, გამოძიებამ, რომელსაც ასევე ზედამხედველობდა პროკურორი ბორჩაშვილი, სახლის ზედაპირული ჩხრეკა ჩაატარა. დაათვალიერეს მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების ადგილი და ბავშვის ოთახი. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ იმ ღამეს ბავშვს სხვა ოთახში ეძინა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენი მოთხოვნით დაათვალიერა გამოძიებამ მთელი სახლი, თუმცა, დათვალიერება იმდენად ზედაპირულად ჩატარდა, რომ წერილიც კი ვერ იპოვეს“.

დღეს 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეს ადვოკატი აღარ ჰყავს. 12 აპრილს, ბავშვის უფლებამონაცვლემ, მისმა დამ, ადვოკატ ანა თავხელიძეს მოულოდნელად განუცხადა, რომ მას აღარ სურს ადვოკატი.

როგორც გენერალურ პროკურატურაში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით, თამარ ცეცხლაძეს საქმის პროკურორი გაესაუბრა: "თამარ ცეცხლაძე ამბობს, რომ ადვოკატის აცილების გადაწყვეტილება მიღებული იყო მის მიერ დამოუკიდებლად და საკუთარ ინტერესებს თვითონ დაიცავდა".

ნინის დედა, მერი რომანაძე, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება და მას დედის წარმომადგენლობითი უფლება აქვს შეზღუდული, დარწმუნებულია, რომ როგორც ნინი, ისე მისი უფროსი ქალიშვილიც, ბიძების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია და ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზიც სწორედ ესაა.

ქალი იურისტებს სთხოვს დახმარებას, რომ შვილის გარდაცვალების საქმეში მოიპოვოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და საგამოძიებო პროცესში ჩაერთოს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი კავშირი არ აქვს უფროს შვილთან. მერი რომანაძე ამბობს, რომ მის შვილს დედასთან ურთიერთობას ბიძები უკრძალავენ.

14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, ბაბუამ იპოვა გარდაცვლილი. 21 აპრილის მონაცემებით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის ბაბუა, 76 წლის კაცი.

23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

რაც შეეხება გარდაცვლილის ბაბუას, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

ჯერ კიდევ თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა კიდევ ერთი დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. ამ მიმართულებით გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ბრალი, ამ დრომდე არავის აქვს წაყენებული.

ნინის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს გაიმართება. ანა თავხელიძის ინფორმაციით, ამ სხდომაზე, სასამართლოს წინაშე წარდგება ორივე ბრალდებული, 23 წლის კაციც და მოზარდის ბაბუაც. თუმცა, სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის შემდეგ, პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეების გაყოფის შესახებ.

XS
SM
MD
LG