Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე გადაწყვეტილებას 20 აპრილს მიიღებს


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". პარტიამ განიხილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი.

„ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება",- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს.

„თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთა სხავადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას" ხვდებიან.

დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ასევე, „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება „ქართული ოცნებაც".

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG