33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, 14 აპრილს საგამოძიებო უწყებაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მან მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს დაუდგეს გვერდში და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაიწყება თუ არა გამოძიება ოჯახში ძალადობის საქმეზე, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც სავარაუდო მსხვერპლი გამოიკითხება.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავს იურისტი და ქალთა უფლებადამცველი, გოგა ხატიაშვილი, საქართველოს სისხლის საქმეთა საპროცესო კოდექსის თანახმად, იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს, სავარაუდო დაზარალებულის ჩვენება არ არის საჭირო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2010 წლის რედაქციამ სრულად ჩაანაცვლა 1998 წლის საპროცესო კოდექსი, სადაც დაზარალებულის ჩვენება აუცილებელი იყო რიგ საქმეებზე გამოძიების დასაწყებად:
„1998 წლის კოდექსის თანახმად, თუკი დაზარალებული უარს იტყოდა ჩვენების მიცემაზე, გამოძიება დამატებით მოქმედებებს აღარ ახორციელებდა. მაგრამ 2010 წელს ამოქმედდა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი და ამგვარ მიდგომებზე კოდექსმა მთლიანად თქვა უარი და განსაზღვრა, რომ სახელმწიფოში მოქმედებს საჯარო დევნის პრინციპი და კოდექსის 101-ე მუხლი, პირდაპირ ამბობს, რომ პროკურორი ვალდებულია გამოძიება დაიწყოს, როდესაც რაიმე წყაროთი მაინც ხდება ცნობილი იმგვარი ინფორმაცია, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ ცვლილების სულისკვეთება იყო ის, რომ არ არის აუცილებელი, რომ მსხვერპლმა ფურცელზე დაწერილი განცხადება შეიტანოს საგამოძიებო ორგანოში და უწყებას ჩვენება მისცეს. თუ საგამოძიებო ორგანოსთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, მათ შორის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ დროს გამოძიება იწყება“.
გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ სამართალწარმოებაში, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, უცხო არ არის პრაქტიკა, როდესაც დაზარალებული უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, თუმცა, ეს გამოძიებას არ ათავისუფლებს სათანადო საგამოძიებო პროცედურების ჩატარებისგან:
„გამოძიება არ არის დამოკიდებული დაზარალებულის პოზიციაზე. გამოძიებამ უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები. მაგალითად, მოიძიოს, ხომ არ არსებობს ძალადობის ფაქტის შემსწრე? ხომ არ არსებობენ ირიბი მოწმეები, რომლებსაც დაზარალებულმა უამბო ძალადობის ფაქტების შესახებ და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს, გამოძიებას ძალიან უჭირს მტკიცებულების შეკრება. ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის, რადგან თუ მსხვერპლი არ აძლევს ჩვენებას, ეს არის ხოლმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც ან ვერ ხდება პირების პასუხისგებაში მიცემა, ან ხდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ გამოძიების დაწყებაზე. ლაპარაკი იმაზე, რომ რაკი ფაქტებს, სავარაუდოდ, 11 წლის წინ ჰქონდა ადგილი, საქმე უკვე ხანდაზმულია. გამოძიება უპირობოდ უნდა დაიწყოს და შეგროვდება თუ არა მტკიცებულებები, ეს უკვე საგამოძიებო პროცესისას გამოიკვეთება. გამომძიებელს და პროკურორს არ აქვს უფლება, უარი თქვას გამოძიების დაწყებაზე, საქმის სავარაუდო ხანდაზმულობის გამო".
როგორც გოგა ხატიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქართულ მართლმსაჯულებას აქვს კარგი პრეცედენტები, როდესაც დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, ქალთა ძალადობის საქმეებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოძიება დაიწყო საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და საბოლოოდ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამგვარ სიტუაციაში, მოსამართლის მიზანია გამოარკვიოს, რის გამო არ თანამშრომლობს დაზარალებული გამოძიებასთან. ამის საილუსტრაციოდ მას ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი საქმე მოჰყავს:
„გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი სხვადასხვა გვარი შეიძლება იყოს. ეს შეიძლება იყოს შიშის განცდა, არასაკმარისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ა.შ. და ასეთ დროს, გამოძიება და სასამართლო ხელმძღვანელობს სხვა მტკიცებულებებით. ერთ-ერთი საქმე შემიძლია გავიხსენო, როდესაც 2016 წელს, ქმრის მხრიდან განხორციელდა ძალადობა და ამ ფაქტის შემსწრე არავინ იყო. მოხდა ისე, რომ დაზარალებული ძალადობიდან მალევე ნახეს ახლობლებმა. აღელვებული, ნამტირალევი. დაინიშნა ექსპერტიზა, აღმოჩნდა დაზიანებები და მსხვერპლმა თქვა, რომ ეს ჩაიდინა მისმა ქმარმა. თუმცა, სასამართლო სხდომაზე, ქალმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ამგვარი იმუნიტეტით სარგებლობენ, მათ შეუძლიათ უარი თქვან ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დაეყრდნო იმ მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც მართალია, არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, მაგრამ ძალადობიდან მალევე ჰქონდათ დაზარალებულთან კომუნიკაცია და აღწერდნენ მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამიტომ სასამართლო, რიგ შემთხვევებში, არ არის ხოლმე დამოკიდებული დაზარალებულის ჩვენებაზე, მართალია, რთულია, მაგრამ გვაქვს კარგი პრეცედენტები, როდესაც სასამართლო არ ხდება დამოკიდებული დაზარალებულის ჩვენებაზე. ის, რომ ნინცა მაყაშვილის შემთხვევაში, სავარაუდო ძალადობის ფაქტები 11 წლის წინ მოხდა და მაგალითად, ვერანაირი ექსპერტიზა ვეღარ დაადასტურებს ამას, ეს მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს არ უშლის. ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მაგრამ სასამართლო ამბობს, რომ შესაძლოა ექსპერტმა საერთოდ ვერ დაადგინოს დაზიანების ხარისხი, დიდი დრო იყოს გასული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობა არ განხორციელებულა და ასეთ დროს მტკიცების ტვირთი გადადის სასამართლოზე“.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
„იგულისხმება ის, რომ ძალადობის განსაკუთრებულად ტრავმული ბუნების გათვალისწინებით, კონვენციის ავტორებს სურდათ, შეემსუბუქებინათ მსხვერპლისთვის დანაშაულის ხანგრძლივი გამოძიებისა და სამართალწარმოების ტვირთი და, იმავდროულად, პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავე. ამ დებულების მიზანია, სისხლის სამართლის გამოძიებისა და სამართალწარმოების წამოწყების ვალდებულება მხოლოდ დაზარალებულის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდეს. კონვენციის თანახმად, ის ფაქტი, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული მრავალი დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრების, ინტიმური პარტნიორების ან დაზარალებულის უშუალო სოციალურ გარემოში მცხოვრებ პირთა მიერ, დაზარალებულში იწვევს სირცხვილის, შიშისა და უმწეობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ასეთი შემთხვევებზე გაცხადების და, შესაბამისად, მსჯავრდებების დაბალ მაჩვენებელს. ამგვარად, სამართალდამცველმა ორგანოებმა პროაქტიულად უნდა გამოიძიონ მსგავსი შემთხვევები და შეაგროვონ ისეთი არსებითი მტკიცებულებები, როგორიცაა მოწმეების ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზა და ა.შ., რათა სამართალწარმოება განხორციელდეს მაშინაც კი თუ მოწმე უკან გამოითხოვს თავის განცხადებას ან საჩივარს“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი
15 აპრილს, ქალთა მოძრაობამ მოუწოდა საგამოძიებო უწყებებს „დაუყოვნებლივ გამოიძიონ დანაშაულებრივი ფაქტი“.
ქალთა აქტივისტები ასევე მოითხოვენ, ძალადობაში დადანაშაულებული ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება.
უფლებადამცველები მიმართავენ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსაც, გამოეხმაუროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, და ასევე შეაფასოს რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებები, რომლებიც მსახიობის ინტერვიუს მოჰყვა.
შეგახსენებთ, რობერტ სტურუამ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ განვითარებული მოვლენები „ქალების რეპრესიად“ შეაფასა და მხარი დაუჭირა მსახიობ ბესო ზანგურს.
თავად ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ქალი ნინუცა მაყაშვილი ცრუობს.
14 აპრილს, რუსთაველის თეატრმა გაავრცელა განცხადება, რომ გმობს ოჯახში ძალადობას და 17 აპრილის სპექტაკლს, „იულიუს კეისარი“, რომელშიც ერთ-ერთ როლს ბესო ზანგური თამაშობს, ხსნის.