საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება 14 აპრილს "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტების, მათ შორის გიორგი მუმლაძის დაკავებას, რომელსაც სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება გამოძიება და ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო და იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად.
14 აპრილს აქტივისტები ქართული ოცნების ოფისთან გალში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ - ხელისუფლებამ 14 აპრილს ეს შეზღუდვა გააუქმა, თუმცა მანამ, სანამ ამ გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, პროტესტის 5 მონაწილე, რომლებიც ღია სივრცეში წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი მუმლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ და მისი სასამართლო პროცესი ამის შემდეგ გაიმართება.
"ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას აქტივისტთა წინააღმდეგ, თუმცა იგი აღარ სჯერდება ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ ზომას, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართავს, რასაც ადასტურებს გიორგი მუმლაძის დაკავება. გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია.
აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები 12 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთანაც გაიმართა, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა. აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით აქტივისტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს, რომელმაც შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების საფუძველზე დაიწყო. ამავდროულად, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა არც ერთი შემთხვევა, როდესაც უკანასკნელ წლებში პოლიციელების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების გამო, რომელიმე სამართალდამცავმა აგო პასუხი. ეს განსაკუთრებით ეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს.
ამდენად, იმ ფონზე როდესაც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევებში სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ აქვს, ორმაგად პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის თვითნებური განმარტების საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნა" - ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია გიორგი მუმლაძის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან პროტესტებზე ძალის სისტემურ გამოყენებას უკვე რამდენიმე ხანია აკვირდება და ამზადებს სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წასაღებად იმის გათვალისიწინებით, რომ მუმლაძეს ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო სისტემური დევნის მსხვერპლად მიიჩნევენ.
გიორგი მუმლაძის მიერ პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუმლაძემ და მისმა უფლებადამცველებმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართეს - თუმცა არც ერთ ეპიზოდზე ამ დრომდე სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
პოლიციამ 14 აპრილს აქტივისტები დააკავა იმ დროსაც, როცა ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.