Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს იუწყება გიორგი მუმლაძის დაკავების შესახებ - მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება


გიორგი მუმლაძე
გიორგი მუმლაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება მოძრაობა „საქართველოსთვის" აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავების შესახებ. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, დღეს, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამართვამდე გიორგი მუმლაძე სხვა აქტივისტებთან ერთად 12 აპრილს დააკავეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ისინი მოითხოვდნენ 5-დღიანი კარანტინის ვალდებულების გაუქმებას ოკუპაციის ხაზს მიღმა ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში.

აქტივისტები პოლიციას ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებაში. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ შეკრების მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG