„იმის თქმა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია და სამართლებრივად აღარაფერია შესაძლებელი, არასწორია“, - ასე ეხმაურება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თამარ დეკანოსიძე, საერთაშორისო ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“ ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი, გადაცემა „ფარულ კონვერტში“, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, სადაც ქალი ამბობს, რომ 11 წლის წინ, ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა. ქალის თქმით, ქმარი მას სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო.
თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ აუცილებელია გამოძიებამ დაიწყოს იმ გარემოებების შესწავლა, თუ რა ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა ან საერთოდ არ აქვთ, ან ეს ვადა 25 წელს მოიცავს.
„არ არის საჭირო საგანგებო მიმართვა. გამოძიება უნდა დაიწყოს ავტომატურად, ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს მედიაში გავრცელებული ინტერვიუც. არ აქვს მნიშვნელობა არც წლებს, რადგან აქ შესაძლოა ჩადენილი იყოს ისეთი დანაშაულები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა მოხდეს გარემოებების შესწავლა. ქალის მიერ ნახსენები სავარაუდო დანაშაულები ხდებოდა 2010 წელს. ამ დროს ოჯახში ძალადობის მუხლი არ არსებობდა. 2010 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მაგალითად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით (117-ე მუხლი), არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და აქ ხანდაზმულობის ვადაა 25 წელი. ჯანმრთელობის დაზიანებაში უნდა ვიგულისხმოთ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, ოჯახში ძალადობა წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას. არაადამიანური მოპყრობა არის სისხლის სამართლის კოდექსის 144 მე-3 პრიმა მუხლი და ამ მუხლზე, 2010 წლის კოდექსის თანახმად, საერთოდ არ მოქმედებდა ხანდაზმულობის ვადები. ეს საქმე გამოძიებას საჭიროებს და ხელაღებით იმის გადაწყვეტა, რომ ხანდაზმულობის ვადაა გასული, არის არასწორი. ევროპული სასამართლოს მიდგომების თანახმად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წელს ოჯახში ძალადობის მუხლი არ არსებობდა, მე რომ გამომძიებელი/პროკურორი ვიყო, ამ საქმის გამოძიებას დავიწყებდი სისხლის სამართლის კოდექსის 144 მე-3 პრიმა მუხლით და შემდეგ შევისწავლიდი სხვა ყველაფერს. ამ მუხლის შინაარსი სწორედ იმ საკითხებს მოიცავს, რის შესახებაც ქალი სატელევიზიო მონოლოგში ლაპარაკობს: "პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს“.
"მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან".
12 აპრილს, გადაცემაში „ფარულ კონვერტში“, 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მას მაშინაც სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო:
„ძალიან რთული მოსაყოლია, როცა ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ჩუმად არა, უბრალოდ, არ ლაპარაკობ ამ ყველაფერზე. არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს შეეხებოდა. თუმცა, აღმოჩდა, რომ არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს გარშემო. არ მახსოვს პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ".
ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირი იყო:
"მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ თეფში და ჩანგალი დროზე არ გამერეცხა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა მაგალითად, წითელ შუქნიშანზე ვიდექი მანქანით და უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ვინმე ბიჭი. ძალიან მარტივია სუსტი დაჩაგრო, ძალიან მარტივია ხელი დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა ნერვები მეშლება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. ვპატიობდი იმიტომ, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რადგან იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე ილაპარაკო. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ".
მსახიობის თქმით, სახლიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილმა ქმარმა რამდენიმე საათის განმავლობაში სცემა:
"გასტროლებზე იყო წასული. მე ბავშვთან ერთად ბებიასთან ვიყავი. ღამის 4 საათზე ჩამოვიდა. ვთხოვე, ბავშვთან ერთად ვარ, დავრჩები და დავიძინებ-მეთქი. მე და ბებია ვისხედით და ველოდებოდით. რომ ჩამოვიდა, ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და დილის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა, დილის რვამდე არ გაჩერდა. ერთადერთი, რისი თქმაც მაშინ შემეძლო, ეს იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც გვერდზე ოთახში იყო და ტიროდა. როცა მივხვდი, რომ ჩემი შვილი იქიდან უნდა წამომეყვანა, მქონდა ზუსტად 15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად. ბავშვიანად ავიკიდე ექვსი ჩანთა. ტელეფონი არ მქონდა. მეზობლის დახმარებით გამოვიძახე ტაქსი. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს, რადგან შეიძლებოდა გზაში შევფეთებოდი და თუკი დამინახავდა, მაშინ საოცრება მოხდებოდა. ტაქსის მძღოლს ვთხოვე, გაეღო კარი და ჩანთებიანად და ბავშვით შევწექი მანქანაში. მძღოლი გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მოვიდა ჩემთან სახლში, მაგრამ მე უკვე ზურგში დედა მედგა“.
იურისტი თამარ დეკანოსიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალის მონოლოგი სამართლებრივად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ მსახიობის მიმართ სავარაუდო დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში:
„ქალი ლაპარაკობს, რომ ქმარმა სცემა, როდესაც ის იყო ორსულად. ასევე ლაპარაკობს იმაზე, რომ სცემდა ბავშვის თანდასწრებით. ეს კიდევ უფრო მაღალ პასუხისმგებლობას წარმოშობს, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სათანადო რეაგირებას“.
გარდა ამისა, თამარ დეკანოიძე კიდევ ერთ სამართლებრივ ასპექტზე აკეთებს აქცენტს:
„სავარაუდო მოძალადე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია. რომელიც საზოგადოებაში აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებს, ეს ფაქტი კი წარმოშობს დაქვემდებარებულ მდგომარეობას, როდესაც არათანასწორი ძალაუფლებრივი ურთიერთობა არსებობს მოძალადესა და მსხვერპლს შორის. ეს ფაქტორი ასევე დამამძიმებელი გარემოებაა სტამბოლის კონვენციის მიხედვით, რადგან ქმნის მსხვერპლის დათრგუნვის უფრო მაღალ ხარისხს და შესაძლოა, რომ იმის გამო, რომ მოძალადე საზოგადოებაში ცნობილი და აღიარებული პირია, მსხვერპლს არ ჰქონდეს იმედი, რომ თუკი ის ამ ძალადობაზე ილაპარაკებს, მას დაიცავენ, დაუჯერებენ და აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას. სწორედ ასეთ შემთხვევებზეა ლაპარაკი საერთაშორისო ინსტრუმენტებში, რომ როდესაც არსებობს არათანასწორი ძალაუფლებრივი მდგომარეობა, ასეთი შემთხვევები ქმნის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობას, რადგან მოძალადეს განსაკუთრებით უადვილდება ძალადობის ჩადენა, მას სჯერა, რომ ის არ დაისჯება, რომ მსხვერპლი ვერავის მიმართავს და თუ მიმართავს, მას არ დაუჯერებენ. ასეთი პირებისთვის უფრო მარტივია თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას“.
"თუ რაიმე იურიდიული დოკუმენტი მოვიდა საიდანმე, მაშინ ზომებს მივიღებთ და ახლა რა ზომები უნდა მივიღოთ?“
რუსთაველის თეატრი დასის წევრის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ერთი წინადადებით ეხმაურება და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ია შერაზადიშვილს, რომელიც ამბობს, რომ თეატრი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს გარკვეულ ზომებს, თუკი მათ „ რაიმე იურიდიული დოკუმენტი“ ექნებათ ხელთ:
„თუკი მისი ყოფილი მეუღლე სარჩელს შეიტანს, რომ ძალადობის ფაქტები იყო და დაიწყება გამოძიება, მაშინ თეატრიც ვალდებული იქნება მიმართოს ზომებს. და ახლა რის გამო უნდა მივიღოთ ზომები? იმის გამო, რომ ნინუცა ამბობს, რომ 11 წლის წინ ადგილი ჰქონდა ძალადობას? ცოტა გაუგებარი არ არის? თუ რაიმე იურიდიული დოკუმენტი მოვიდა საიდანმე, მაშინ, რა თქმა უნდა, ზომებს მივიღებთ და ახლა რა ზომები უნდა მივიღოთ?“
თავად 38 წლის მსახიობი, ბესო ზანგური აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე ცრუობს და ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
„ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ კომენტარში მსახიობი ამბობს, რომ ქალმა ამ შინაარსის ინტერვიუ ფინანსური ინტერესის გამო მისცა მედიას. გადაცემის ფორმატის თანახმად, რესპონდენტი მთავარ კითხვას გარკვეული თანხის სანაცვლოდ პასუხობს. თუმცა, ნინუცა მაყაშვილმა გადაცემის მსვლელობისას თქვა, რომ ამ საკითხზე არა ფინანსური დაინტერესების, არამედ იმის გამო სურს საუბარი, რომ 11 წლის წინ, ქმართან დაშორებას „ბევრი მითქმა-მოთქმა და ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მისი მისამართით“.
ქალთა აქტივისტი, იდა ბახტურიძე შიშობს, რომ ისევე როგორც სხვა ე.წ. ცნობილი კაცების შემთხვევაში, რუსთაველის თეატრის მსახიობი, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს. ამიტომ მიაჩნია, რომ გარდა გამოძიების დაწყებისა, რუსთაველის თეატრმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს იმ ინფორმაციას, რაც 12 აპრილს მედიით გავრცელდა:
„უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი კაცების, მსახიობების, სპორტსმენების მსხვერპლებს განსაკუთრებით უჭირთ დღეს საქართველოში, რადგან ისინი განსაკუთრებული თავდასხმების ობიექტები ხდებიან და ამის მაგალითი არაერთი გვაქვს. მე მაინტერესებს, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება რუსთაველის თეატრი ამ ინფორმაციას. ჩვენ ვაფინანსებთ ამ თეატრს, არ შეიძლება ასეთი ადამიანები საზოგადოებას წარუდგინო, როგორც საპატივცემულო ადამიანი, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი საკუთარი თეატრისგან. ვიტოვებ იმედს, რომ შესაძლოა, აქამდე, სანამ ეს ინფორმაცია საჯარო არ იყო, მისი კოლეგები, მეგობრები ყურს იყრუებდნენ, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენ საზოგადოება მოვითხოვთ ამას. მე, როგორც აქტივისტი, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ამ თეატრისგან მოვითხოვოთ პასუხი და ქმედება იმაზე, რაც მოისმინა მთელმა საზოგადოებამ მათი დასის წევრის შესახებ“.
დაიწყება თუ არა გამოძიება რუსთაველის თეატრის მსახიობის წინააღმდეგ? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ, რადგან საკითხის შესწავლა გარკვეულ დროს მოითხოვს.