Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა


ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა, - იტყობინება უკრაინის საინფორმაციო პორტალი - „უნიანი“, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ჰიბრიდული ძალების შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, მარტსა და აპრილში, სულ ცოტა, 10 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

„უნიანის“ ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთგზის დაარღვიეს და გამოიყენეს მინსკის შეთანხმებით აკრძალული საბრძოლო იარაღი.

გავრცელებული ინფორმაციით, პიშჩევიკის დასახლებასთან ახლოს, უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნი კალიბრით 82 მმ და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები. ყუმბარმტყორცნები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული სხვა არაერთი დასახლებული პუნქტის მახლობლადაც.

ბოლო პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტენსიური გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ახლოს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნადაც ემზადება. კიევს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირი, ნატო და აშშ.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილება მისი დამოუკიდებელი საშინაო საქმეა და რუსეთი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა მოწოდებით, დასრულდეს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ეს განცხადება მან 10 აპრილს გააკეთა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სტამბოლში შეხვედრისას. ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევსა და ანკარას საერთო პოზიცია აქვთ შავი ზღვის რეგიონში საფრთხეებისა და ამ საფრთხეებზე რეაგირების შესახებ.

უკრაინის მიმართ რუსეთს ამოქმედებული აქვს ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი: პროვოკაცია, ძალის დემონსტრირება, დეზინფორმაცია და დივერსია.

XS
SM
MD
LG