Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აჯობებდა...


ზოგისგან მსმენია: "რა საჭირო იყო 9 აპრილის ტრაგედია, საქართველო ისედაც გახდებოდა დამოუკიდებელი".

ან კიდევ (უფრო ხშირადაც): "ჯობდა, დაშლილიყვნენ, შეცდომა იყო, პატრიარქს რომ არ დაუჯერეს".

ეს ისე ითქმება ხოლმე, გეგონება, არჩევანი გვქონოდა ან ვინმეს სურვილი ყოფილიყო გენერალ როდიონოვის მკვლელების ნიჩბებით ან მომწამვლელი გაზით სიკვდილი.

ან ვინ უნდა დამორჩილებოდა 1989 წელს დემონსტრაციაზე მისულ კათოლიკოს-პატრიარქს, როცა იქ მდგომთაგან ეჭვი არ გასჩენია არავის, რომ ის კომუნისტური ხელისუფლების თხოვნით (დელიკატურობის გამო არ დავწერ, მითითებით-მეთქი) მისულიყო მიტინგზე, და ანკი როგორ შევადარებთ მის იმჟამინდელ ავტორიტეტს იქვე მყოფი დისიდენტების სანდოობას - მერაბ კოსტავასი თუ ზვიად გამსახურდიასი, რომლებიც მანდვე ამბობდნენ, დაშლა რომ ვთხოვოთ, არც ჩვენ დაგვიჯერებენო.

არჩევანი რომ ყოფილიყო, ცხადია, ის აჯობებდა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია არ მომხდარიყო, მაგრამ ვინ მისცა საქართველოს იმპერიიდან უმსხვერპლოდ გასვლის არჩევანი, ან ეს კი რა ისტორიულად აბსურდული თეზისია, რომ დამოუკიდებლობა თურმე ისედაც დადგებოდა - 9 აპრილის გარეშე...

დაშლა აჯობებდა თუ დარჩენა, ამას ის ვერასდროს შეაფასებს სამართლიანად, ვისაც ჰგონია, რომ ისტორიაში თავისთავად ხდება რაიმე - მით უმეტეს, პრინციპის დაცვა, რომელიც ამ დამღლელი და მოუხელთებელი ეროვნული თავისუფლების მოფრთხილება-ერთგულებას გულისხმობს...

ამ ლოგიკით, ის "აჯობებდა", დათა ვანიშვილს თავისი სახლ-კარი დაეტოვებინა და ხილულ და უდრეკ მაგალითად არ მდგარიყო მავთულხლართების მიღმა.

ის "სჯობდა", გიგა ოთხოზორიას რეაქცია არ მიეცა ქართული პასპორტის შეურაცხყოფაზე.

მერაბ კოსტავა "გულაგში" არ მჯდარიყო ათი წელი...

ხალხი ქართული ენის სტატუსის დასაცავად არ გასულიყო ქუჩაში 1978 წლის 14 აპრილს...

1921 წლის თებერვალში კი მარო მაყაშვილი არ წასულიყო მოწყალების დად...

და ალბათ დიმიტრი ყიფიანისთვისაც ის "აჯობებდა", წერილი არ მიეწერა ქართველი ერის მწყევლელი ეგზარქოსი პავლესთვის, რადგან გადასახლებას გადაურჩებოდა და, რაც მთავარია, იქ სიკვდილს...

ჩვენი ისტორია და, სამწუხაროდ, აწმყოც, არჩვევანს არ გვიტოვებს, ის ვიმჯობინოთ, რაც უკეთესია, რადგან უკეთესისკენ სვლა ხიფათებით აღსავსე ყოფილა...

ორი 9 აპრილის იდეა "ჯობდა-არჯობდა-ს" უარგუმენტო და ზერელე დილემის მიღმაა: ან დემონსტრაციაზე დგახარ და სხაგვარად არ გძალგიძს ან ცარიელ სიტყვებად მიიჩნევ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ისტორიულად საბედისწერო ტექსტს.

გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ისევ იმ პროცესში ვართ, რომელიც არც 1989 წლის 9 აპრილს დაწყებულა და არც 1991 წლის 9 აპრილს დასრულებულა - ჩვენ ისევ იმ მიტინგზე ვდგავართ, რადგან, მართალია, სამი ათეული წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, მაგრამ თავისუფლების განმტკიცება-შენარჩულებისთვის ბრძოლა ახლაც, 30 წლის გასვლის შემდეგაც გრძელდება.

რა აჯობებდა...
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG