Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ასტრაზენეკათი" საქართველოში 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები აიცრებიან


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში განხორციელდება. მისი თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია ექსპერტთა საბჭომ გასცა, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად:

„ვაქცინაციის პროგრამა "ასტრაზენეკას" ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ეხლაც მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამ ეტაპზე ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება. რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს. ამდენად ის ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას უკვე მოუწევს 8 და 12 კვირიანი ინტერვალით ვაქცინის ჩატარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს დამატებითი ინფორმაცია "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. მისი თქმით, ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე, თუმცა მათ აღიარეს ასევე შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და "არსტაზენეკას" შორის.

"უიშვიათესია ეს გართულება. სტატისტიკა დღევანდლამდე არსებული მიუთითებს რომ შესაძლებლობა არის 4 ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის "ასტრაზენეკას" გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. მაგალითად დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში "ასტაზენეკა"ს გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ, შვედეთში 65 წლის ზემოთ მოსახლეობაში, ესპანეთში 65 წლის ზემოთ, თუმცა ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი განსაკუთრებით მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გაგრძელდეს "ასტრაზენეკას" გამოყენება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს საქართველოში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 3 აპრილს საქართველომ მიიღო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მისი გამოყენება დაიწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შემდეგ კი, 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 8 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში ჯამურად 15 693 ადამიანია აცრილი.

XS
SM
MD
LG