საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. მათ შორის, 44% მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, ხოლო 15% - ძალიან კმაყოფილი.
ეს მონაცემები IRI-ის მიერ 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევების მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესებულია. ივნისში პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებებით კმაყოფილებას გამოკითხულთა 79% გამოხატავდა. მათ შორის, პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილება ახალ კვლევაში გამოთქვა გამოკითხულთა 45%-მა, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56% იყო.
მეთოდოლოგია
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.