Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ პროკურატურას მიმართეს გირაოს გადახდის წერილით


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გენერალურ პროკურატურას ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შესახებ წერილით მიმართა.

„ბესიკ ბოგველმა, მისმა ორგანიზაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა გადაიხადოს ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაოს თანხა, 40 000 ლარი“, - თქვა ბრიფინგზე კონდახიშვილმა.

ბესიკ ბოგველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში „სახალხო პარტიის" მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

ადვოკატმა საზოგადოებას გააცნო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მეტიც დიდი ალბათობით საქმე ეხება ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს.

სასამართლოს განჩინებით ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და არა გირაო.

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა 25 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა: „დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 3 ნოემბრის განჩნებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე".

ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა რომ განჩინება, რომელიც პროკურატურამ დაასახელა, ძალაში აღარ არის.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სსასამართლომ დააკმაყოფილა. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიამ გირაოს გადაუხდელობით პატიმრობა თავად აირჩია და მის მიმართ მხოლოდ კანონი აღსრულდა. მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ.

XS
SM
MD
LG