Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნას სათადარიგო სია მათთვის, ვინც მზადაა, აიცრას გამოუყენებლად დარჩენილი ვაქცინით - პეტიცია


ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ შეიქმნას სათადარიგო ჯავშნების სია მათთვის, ვინც მზადაა, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.

27 მარტს შექმნილ პეტიციას 270-მდე ადამიანი აწერს ხელს.

საქართველოში 15 მარტიდან მიმიდინარეობს ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. „ასტრაზენეკას“ ერთი ფლაკონი შეიცავს ვაქცინის 10 დოზას. ფლაკონის გახსნის შემდეგ, ვაქცინის ათივე დოზა, მაქსიმუმ 6 საათის განმავლობაში უნდა გაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუყენებელი დოზა უნდა გადაიღვაროს. მაგალითად, ვაქცინაციის პირველივე დღეს, გაფუჭდა 3 დოზა.

„ამცრელთა რიგში აღარ იყო 10 ადამიანი და იყო 7, სამი დოზა კი გამოუყენებელი რჩებოდა, შემოდიოდა ზარები დაავადებათა კონტროლის ცენტრში და აქედან ჩვენები საღამოს მიდიოდნენ და იცრებოდნენ“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ 15 მარტს.

„ასტრაზენეკათი“ დღემდე მხოლოდ 5000-მდე ადამიანი აიცრა. პეტიციის ხელმომწერების აზრით, სათადარიგო სიების შექმნის შემთხვევაში:

  • დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;
  • გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;
  • იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს;
  • მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;
  • გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები;
  • ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.

„ასტრაზენეკასგან“ განსხვავებით, მაღალია მოთხოვნა „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში მხოლოდ 15 000-მდე ადამიანის სამყოფი დოზაა. „ფაიზერით“ აცრისთვის ადგილები სრულად შეივსო.

XS
SM
MD
LG