Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიტა რაჭველიშვილი: ქართულ ოცნებაზე უარესი მთავრობა საქართველის ისტორიაში არ გვყოლია


ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია წერილს ავრცელებს, სადაც კვლავ ამბობს, რომ თეა წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს სცენაზე არ დადგება. ანიტა რაჭველიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ ხელისუფლებით მისი უკმაყოფილება იმის ნიშანი არ არის, რომ წინა მოწონდა და ვრცლად საუბრობს იმაზე, როგორი მიუღებელია მისთვის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკაც. მომღერალი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ წავა და არც მისი ფეისბუქპოსტებია პოლიტიკაში ჩარევა, ის, როგორც ხელოვანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, იბრძვის სწორედ ქვეყნისთვის.

"არასდროს არ ვიქნები არც ერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დავაფასებ და ცუდს არ ვაპატიებ არავის, რადგან კრიტიკა არის განვითარების ერთადერთი გზა. საკითხი ძალიან მარტივად მესმის! ისინი სხედან იქ რადგან ჩვენ ავიყვანეთ ისინი სამსახურში და ვუხდით ხელფასს. არც წინამორბედი მთავრობა და არც აქტუალური არ არიან კერპები და ღმერთები. ჩვენს კმაყოფაზე მყოფი კორუმპირებული კრიმინალები არიან უმეტესობა, მაშინდელიც და ახლანდელიც. მე ვოცნებობ რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მომავალზე და რომელიც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის რომ ერთი მარტივი რეალობა აღიქვას: რაც უფრო დიდხანს და წარმატებულად ემსახურები შენს ხალხს და ქვეყანას,მით უფრო დიდხანს იქნები მთავრობაში და ამისგან მხოლოდ მოიგებ შენც და ერიც.

არც ერთი პოლიტიკოსი არც წინამორბედი და არც აქტუალური მთავრობიდან არ მიმაჩნია ამ ქვეყნის მართვის ღირსად. წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველაფერზე წამსვლელებიც არიან, ახლანდელები კი იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატში და აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმში ყველა სფეროში რომ უბრალოდ არ შეუძლიათ არაფრის მართვა და ანადგურებენ ქვეყანას სინათლის სიჩქარით!

მე არ ვდგავარ ნაციონალური მოძრაობის გვერდზე და ვემიჯნები ყველაფერს რასაც ისინი ქადაგებენ და დაუშვებლად მიმაჩნია ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ტიპის ჩარევებიც ჩემი მართლაც უდიდესი პატივისცემის მიუხედავად! მე ვემიჯნები აბსოლუტურად ყველაფერს რაც ქართულ ოცნებას ეხება, მათ არაპროფესიონალურ და აბსოლუტურად კორუმპირებულ მთავრობასაც და მიმაჩნია რომ მილიონი ნაბიჯით დახიეს ქვეყანა უკან და გაგვანადგურეს ყველა. ქართულ ოცნებაზე უარესი მთავრობა საქართველის ისტორიაში არ გვყოლია! სისხლიან 9 წელს გვახსენებენ დღემდე და სხვა არანაირი არგუნენტი არ აქვთ იმის ასახსნელად თუ რატომ ჯობიან მათი თქმით “სისხლიან მთავრობას”! არ სჯობიხართ ბატონებო! მათ არაფრით ჩამოუვარდებით! უარესებიც ხართ,ბევრად ბევრად უარესები! არც ერთი პოლიტიკოსი წინამორბედი მთავრობიდან და არც აქტულურიდან არ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე. წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ხალხი და ქვეყანა და ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ რომ არ მოკლას კგბ-მ ივანიშვილი და ამასობაში გაგვანადგურეს, გაანადგურეს ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა! ოლიგარქმა შეისყიდა საქართველო და გადაგვცა პუტინს! სიბოროტეს განასახიერებს ქართული ოცნება ჩემს თვალში.

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!" - წერს მომღერალი ღია წერილში. ის პასუხობს იმ ხალხსაც, ვინც ინტერესდება იმით, რატომ არ აპროტესტებდა წინა ხელისუფლების დროს ასევე აქტიურად მიმდინარე ამბებს, როგორც ახლა და ამბობს, რომ მაშინ ცნობილი არ იყო და ამიტომ მისი პროტესტები მხოლოდ ვიწრო, ახლობლების წრეში რჩებოდა.

"მართალია ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ დაფიქრდით აბა ისინი ვინც 9 წელზე მეკითხებით. გადაითვალეთ მაინც რამდენი წლის ვიყავი და თუ სადმე გხვდებოდათ ჩემი როგორც ხელოვანის სახელი იმ წლებში?!" - წერს 36 წლის ხელოვანი.

ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ხშირად აფიქსირებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავის სამოქალაქო პოზიციას, ერთადერთი ქართველი არტისტია, რომელმაც თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ საქართველოში სცენაზე არ დადგება მანამ, სანა წულუკიანი იქნება კულტურის მინისტრი. მეცო სოპრანო ღია წერილში კვლავ იმეორებს, რომ " წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილია ციხეში."

"ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

XS
SM
MD
LG