Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს მათი წერილის პასუხის პასუხი გაუგზავნეს


გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში
გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში

გერმანიაში მცხოვრები ქართველების ჯგუფმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, გაუგზავნეს მათ მიერ 3 მარტს გაგზავნილ წერილზე ელჩის გამოგზავნილი პასუხის პასუხი.

„დიდი იმედი გვქონდა, რომ თქვენ სწორ აქცენტებს დასვამდით და დემოკრატიულ პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდით“, წერია წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდა წერილის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

ბატონო ელჩო, თქვენ მოგვიწოდებთ, რომ „არ ვილაპარაკოთ ოლიგარქული მთავრობის შესახებ დამამცირებლად და პატივის ვცეთ მმართველი პარტიის ამომრჩევლებს“, მიმართავენ წერილის ავტორები გერმანიის ელჩს მათი წერილის პასუხში გამოთქმული ერთი პასაჟის გამო და განმარტავენ, რომ ეს დემოკრატიის ძირითადი პრინციპია, გერმანიაში სხვა სახის აზროვნება მრავალფეროვნებად ესმით, საქართველოში კი ის, პირიქით, „სამთავრობო პარტიის მიერ სიძულვილის ენის მიზეზია“.

ისინი გერმანიის ელჩს აცნობენ დემოკრატიის „წითელ ხაზებს“, რომლებიც მმართველმა პარტიამ გადალახა და ჩამოთვლიან მათ, შემდეგ კი საქართველოს იმის მაგალითად ახასიათებენ, თუ დემოკრატიული წყობა როგორ შეიძლება გადაიქცეს მდიდარი ოლიგარქის მძლავრ იარაღად მისი უსაფრთხოების განმტკიცების და ქონების გამრავლებისთვის, „ის წარმართავს ყველაფერს, მთავრობას, სასამართლოებს და პარლამენტს,“ წერია წერილში, რომლის ბოლოს მისი ავტორები აცხადებენ, რომ საქართველო კრიზისშია და საფრთხე ემუქრება, დაკარგოს დამოუკიდებლობა და შეწყვიტოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ.

მზარდი პოლიტიკური პოლარიზების საწინააღმდეგოდ საჭიროა გატარდეს ექვს პუნქტიანი გეგმა, წერენი ავტორები გერმანიის ელჩის და განმარტავენ, რომ ეს გეგმა გულისხმობს: „ვადამდელი არჩევნების, ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლებას ასევე საარჩევნო და სამართლებრივ სფეროში რეფორმების გატარებას შეიცავს“.

გერმანიაში მცხოვრებმა ასამდე ქართველმა 3 მარტს გაუგზავნა გერმანიის ელჩს წერილი, რომელიც ასე იყო დასათაურებული: „ოლიგარქისადმი მიდგომამ დღემდე მცირე შედეგი გამოიღო“. მისი ავტორები გამოხატავდნენ იმედგაცრუებას, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია ირყევა და განსაცდელის წინაშეა, ხოლო სამართლებრივი „სახელმწიფო შეუჩერებლად იხევს უკან ძალადობის სასარგებლოდ“. წერილზე ხელისმომწერები თვლიან, რომ „იშვიათად შეუცვლია ჩვენი ქვეყანა ასე ძირეულად რამეს, როგორც ბოლო ცხრა წელიწადში გააკეთა ეს ოლიგარქიულმა მთავრობამ“.

6 მარტს კნირშმა საპასუხო წერილი გაუგზავნა გერმანიაში მცოვრებ ქართველებს. მის თანახმად, გერმანიის საგარეო პოლიტიკისთვის მნივნელოვანია საქართველოს ყოველმხრივი განვითარება. ელჩი აცხადებდა, რომ საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას შეშფოთებით უყურებს და მოუწოდებს პარტიებს, დიალოგის რეჟიმში დარჩენას.

ჰუბერტ კნირში პატივს ცემს წერილის ავტორების „პოლიტიკურ ხედვას" და აცხადებს: "მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. გერმანელი დიპლომატი, ასევე აცხადებდა თავის პასუხში, რომ „ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და ქმედითი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა იფიქრონ იმ საერთოზე, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“.

გერმანიის საელჩო წერილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG