Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაუნდი #2 - გრძელდება შეთანხმების მცდელობა ევროკავშირის მედიაციით


ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები 18 მარტს, ევროკავშირის მედიაციით, მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირს ყველას. ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს და ხელისუფლებისგან კვლავაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას.

მხარეები კომპრომისებს ერთმანეთისგან მოელიან. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურია.

დასრულდება თუ არა დღევანდელი დღე კონკრეტული შედეგით და დაიძლევა თუ არა კრიზისი, როგორც ამას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ისურვებდნენ? ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას წითელ ხაზებად აღიარებულ ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, ესენია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით:

  • მაგიდაზეა დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური დიალოგის კურატორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დატოვებული სქემის 6 ძირითად პუნქტს აერთიანებს და მათ შორის არის - სავარაუდო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების თემებიც;
  • ყოველი შეხვედრის შემდეგ (როგორ ცალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში) დოკუმენტის ტექსტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, თუმცა არა ძირითადი ექვსი პუნქტის პრინციპების უარყოფით;
  • მხარეები განიხილავენ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ ჩამოყალიბებულ წინადადებებს, რომლებიც ყოველ ჯერზე თანხმდება თავად შარლ მიშელთან;
  • 17 მარტს მხარეებმა ყველა საკითხის ძირეული განხილვა ვერ მოასწრეს და, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი 18 მარტის დღის წესრიგში ჩაჯდა.

შესაბამისად, ყველა მოელის, რომ დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი და 17 მარტის შეხვედრაზე არანაკლებ მძიმე იქნება. ოპოზიცია არ მოელის, რომ შეთანხმების მიღწევა დღესვე გახდება შესაძლებელი.

რა მოხდება შემდეგ? ამ ჭრილში ვითარებას გაურკვევლობას სძენს ის გარემოება, რომ, წინასწარი ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი ხვალ, 19 მარტს, აპირებს თბილისის დატოვებას.

22 მარტს კი საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა განიხილავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის მოხსენების შინაარსი საქართველოში მიმდინარე მედიაციის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს და ველით ოპოზიციისგან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და, პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც“, - თქვა შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვა „სამართლიანმა“ ბოლო დღეებში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი „ქართული ოცნების“ ლექსიკონში. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება აშკარა მინიშნებებიც, რომ სამართლიანი იქნებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და 2020 წლის არჩევნების სადავო შედეგების აღიარება.

„ჩვენთვის მთავარია, ვიმოქმედოთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს... (არჩევნების) გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს კრიზისი არის აბსოლუტურად ხელოვნური“, - უთხრა ჟურნალისტებს 18 მარტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე, ცალმხრივ რეჟიმში შეხვდა მედიატორს, კრისტიან დანიელსონს.

კობახიძემ ხისტი რიტორიკა ოპოზიციას არც დღეს დააკლო და ოპონენტებს „ხელოვნური კრიზისის“ გამოწვევის გამო რუსეთის ინტერესების ღია მხარდაჭერაში დასდო ბრალი. ოპოზიცია ცდილობს, რომ არ აჰყვეს „ქართული ოცნების“ გამომწვევ ტონს, თუმცა, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, ასეთი რიტორიკა ფონს აშკარად ძაბავს.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ოპოზიცია არ აპირებს ცალმხრივ კომპრომისზე წასვლას და მათ გეგმებში არც ორი მთავარი მოთხოვნის დათმობა შედის.

  • „რიტორიკა აგრესიულია და, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს... თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს აქვს ნატამალი სურვილი, რომ გაითვალისწინოს მოქალაქეების ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ ისინი დათანხმდებიან პირველ რიგში პოლიტპატიმრების გამოშვებას და დათანხმდებიან ვადამდელი არჩევნების ჩატარებას“ - აკაკი მინაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ველაპარაკებით ადამიანებს, რომლებიც თავად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები და მათ უკან დგას ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი), რომელიც რა მოტივებით მოქმედებს, ცოტა რთული სათქმელია... მოლაპარაკებებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს კობახიძის განცხადებები“ - ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამ ეტაპზე გამორიცხავს ალბათობას, რომ ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ან პირებმა შეთანხმებასთან მიმართებით დამოუკიდებლად იმოქმედონ, რადგან დასავლელი პარტნიორებისთვის „პრიორიტეტია, რომ შეთანხმება გაფორმდეს ყველას შორის და არა ვინმესთან ცალკე, ერთთან ან ორთან“.

როგორც დღის პირველ ნახევარში უთხრა რადიო თავისუფლებას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, მოლაპარაკებების ფარგლებში დათმობა აუცილებლად მოუწევს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. პროგრამა „დილის საუბრებში“ ჩართვისას სამნიძემ ასევე თქვა, რომ ეს არ იქნება შეთანხმება, „რომლითაც კმაყოფილი, ბედნიერი დარჩება ორივე მხარე“, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული გამოვა ქვეყანა.

თუკი შეთანხმების მიღწევა საბოლოოდ ვერ მოხდება, ბრიუსელში ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების თანახმად, შესაძლოა შეფერხდეს დახმარების მიღება.

საქართველოს კრიზისის საკითხის გარშემო აქტიურობა იწყება ვაშინგტონშიც. „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“ - ამ სახელწოდების დებატებს აშშ-ის სენატი 23 მარტს უმასპინძლებს. დისკუსია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში წარიმართება. დისკუსიას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვება.

სენატორ შაჰინს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალჩინოსან წევრთან, რესპუბლიკელ სენატორთან, ჯიმ რიშთან ერთად გამოქვეყნებული აქვს არაერთი მკაცრი განცხადება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. სენატორების განცხადებებში ხაზგასმული იყო დემოკრატიის უკუსვლის საფრთხე და პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემები.

ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან მიმდინარე შეხვედრებს მუდმივად ესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG