საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მედიატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე შეთანხმება შედგება, თუმცა, როგორც მედიატორები ამბობენ, ეს არ იქნება შეთანხმება, რომლითაც კმაყოფილი, ბედნიერი დარჩება ორივე მხარე. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი სავარაუდოდ დღეს, 18 მარტს დასრულდება:
„იქნება ისეთი საკითხები, ისეთი კომპრომისული ვერსიები, რომლითაც ორივე მხარე ჩათვლის, რომ ის საკითხებია, რაზეც მან ისაუბრა, და რაც მთავარია აქ ქვეყნის ინტერესები როცა არის წინ ქვეყანამ გაიმარჯვა და არა რომელიმე მხარემ. ეს არის მიზანი მთელი ამ შეხვედრების“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „დილის საუბრებში“ მან აღნიშნა, რომ 17 მარტს გამართული შეხვედრა რთული იყო სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
„გუშინ არაერთხელ ითქვა, რომ რთული იყო შეხვედრა. რთული იმიტომ იყო, რომ ეს პირველი იყო მედიატორთან შეხვედრის შემდეგ, როცა ორმხრივი შეხვედრა იყო და უკვე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ვესაუბრებოდით. თუმცა არც ერთ ეტაპზე ეს არ იყო დოკუმენტი, რომელიც რომელიმე მხარემ წარუდგინა მეორე მხარეს. ხშირად ამბობს "ქართული ოცნება", რომ ჩვენი წარდგენილი წინადადებებიაო. ეს ასე არ არის. წინადადებები მომზადებულია თვითონ დანიელსონის მიერ, რომელმაც კონსულტაციები გაიარა შარლ მიშელთან. ის ამას ხაზს უსვამს. დღესაც დილით ის აპირებს, რომ ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით ამ ეტაპზე, გაიაროს პრეზიდენტ მიშელთან და ისევ გავაგრძელოთ მუშაობა შუადღის მერე, როგორც ვიცით, ჯერ დაზუსტებული არ არის“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „დილის საუბრებში“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს, რომლის მიზანია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.