Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესები, რომელთა სესხების სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინა, ისევ მოვალეთა რეესტრში არიან


აჭარაში ტურიზმის განვითარების სახელით მცირე და საშუალო ბიზნესის მეპატრონეებს სახელმწიფო წლების განმავლობაში ეხმარებოდა სესხების სუბსიდირებით პროგრამით, თუმცა ამ პროგრამის ეფექტურობის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს დახმარება არა ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ პროგრამის ბენეფიციართა იმ სესხების დაფარვას მოხმარდა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჰქონდათ ბანკებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო მსესხებლებიდან აღებული. ფინანსური ვალდებულებების არაეფექტურად მართვის გამო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ჩართული ბიზნესმენების ნაწილი უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშეც კი დგებოდნენ - ამ დროისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, კვლავ ტურისტულ ბიზნესში რჩებიან თუ არა სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, რომელიც აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს სწავლობდა, მცირე ბიზნესისთვის სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც 3 მილიონამდე მოცულობის სესხის სუბსიდირება უზრუნველყო და ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამში 610 000 ლარზე მეტი გადახდისუუნარობის რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სესხის წნეხის შემცირებას მოხმარდა და არა აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას.

„მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, 2,811.3 ათასი ლარის მოცულობის სესხი გაცემულია 40 ბენეფიციარზე, საიდანაც გაცემული სესხის მომსახურების თანადაფინანსებაზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადახდილია 610.6 ათასი ლარი, მათ შორის, 2016-2019 წლებში − 460.6 ათასი ლარი. ირკვევა, რომ გაცემული სესხები წარმოადგენს 2007-2013 წლებში სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან/კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლებისგან აღებული სესხების რეფინანსირებას" - წერია აუდიტის დასკვნაში, სადაც აღნიშნულია ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის ნაკლოვანებაა გაცემული საბიუჯეტო თანხების ეფექტურად მოხმარების მონიტორინგის ეფექტური სისტემის არარსებობა. ვალების ნაწილი სახელმწიფომ ისე დაასუბსიდირა, რომ ბიზნესის მფლობელებს არც კი დაუსახელებიათ საჭიროებები, რისთვისაც კრედიტს გამოიყენებდნენ.

აუდიტის ცნობითვე, სესხების სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარების 78%-ს სესხი წარმოშობილი აქვს 2004- 2008 წლებში, სესხის გადაუხდელობის მიზეზად კი პროგრამაში ჩართვისას ისინი ასახელებენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განვითარებულ კრიზისს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებს, ოჯახის წევრის უმუშევრად დარჩენას/ გარდაცვალებას, სესხის თანხების არასწორ მენეჯმენტს.

აუდიტის ჯგუფს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა პროგრამის ბენეფიციარებთან. 40 ბენეფიციარიდან 15 მათგანის ტელეფონი გამორთული იყო ან არ პასუხობდა, ან/და ნომერი არ არსებობს. რამდენიმე ბენეფიციარი, ვისთანაც დაკავშირება ვერ მოხერხდა, იმყოფება მოვალეთა რეესტრში.

XS
SM
MD
LG